„სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია. რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტობრივად ერთი დიდი სუპერმარკეტი „უნივერსამი“ ფუნქციონირებს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ
ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას.
ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა. რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თელავის, გურჯაანის, წნორის, ლაგოდეხის (კაბალი) აგრარული ბაზრები დღეიდან დაიხურა, ეტაპობრივად კი ყველა ბაზარი დაიხურება. უფრო ადრე დაიკეტა ველისციხის, ბოდბისხევის, ვარდისუბნის საკვირაო ბაზრები.
საგანგებო მდგომარეობის გამო, ე.წ. საკვირაო ბაზარი დაიხურა ონშიც, სადაც რაჭის სხვადასხვა სოფლებიდან პროდუქტები გასაყიდად მხოლოდ ოთხშაბათობით ჩამოჰქონდათ. ონის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით სასურსათო ავტომაღაზია დადის.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა 21 აპრილის ჩათვლით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.
6 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 5056 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პირი.