weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომელი კომპანიები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან 1-ლი მაისიდან

20:34 ორშაბათი, 04 მაისი 2020

2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე,მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.

საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს: ყველა სამინისტროს; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ; მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა); სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს; სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს; ეროვნულ ბანკს; ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;

ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:

  • საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;
  • ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით; (მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს)
  • სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელზეც კონკრეტულ თვეში ხელფასი იქნება 1500 ლარზე მეტი (ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე, ანუ მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში, ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);

საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.

- ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?

- არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს.

- ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?

- ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

- ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის? (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)

- არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]