„ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის შესაძლებლობა იქნება.
„მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თითოეული ელჩი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, რათა 20 მაისიდან განაცხადონ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი ქვეყანა იქნება ისრაელი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და საბერძნეთთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოება.
„ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მთავარია, რომ იმ მიმზიდველობასთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე გააჩნდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი - ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, უნდა შეგვეძლოს, სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს’, - განაცხადა გიორგი გახარიამ.