ნათია თურნავას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწების გაცვლით „ქართუ ჯგუფმა“ რაღაც სარგებელი მიიღო, უსაფუძვლოა და „აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაციაა“. ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ქართუ ჯგუფმა“ მიწა სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით დათმო.
„2023 წელს საქართველო მასპინძლობს ზამთრის სნოუბორდის ჩემპიონატს და ეს ჩემპიონატი ტარდება ბაკურიანში. ამისთვის ბაკურიანში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ახლაც ხორციელდება საკმაოდ დაჩქარებული ტემპით ეს არის დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა. ამ პროცესში პროექტის დამტკიცების კვალობაზე, აშკარა გახდა, რომ ამ არეალში ექცევა ერთ-ერთი მიწა, რომელიც ეკუთვნის „ქართუ ჯგუფს“, ისევე როგორც სხვა კერძო მიწები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენივე ინტერესი, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვის საფუძველზე და მოთხოვნით, „ქართუ ჯგუფი“ დაგვთანხმდა და თავისი კუთვნილი მიწა გადაგვიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა იქ განვითარდეს და ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს. აქედან გამომდინარე ეს იყო სწორედ ჩვენი ინტერესი და არა „ქართუ ჯგუფის“ ინტერესი. მან როგორც ყოველთვის გაითვალისწინა სახელმწიფო ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული მიწის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სახელმწიფოსა და „ქართუ ჯგუფს“ შორის მიწების გაცვლის შესახებ სტატია გამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ“ 10 ივნისს გამოაქვეყნა. სახელმწიფო ქონების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 21 თებერვლის N359 განკარგულებით გასცა, თუმცა ეს დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის.