კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, მევენახე, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ასოციაცია „ქართულ ღვინოში“ ნიმუშები შემდეგი წესების დაცვით უნდა წარადგინოს: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული; ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; წარდგენილი ღვინის რაოდენობა 500 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.
წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (0.75 ლ ბოთლი). ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი. საკონკურსო ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადა 25 აგვისტოა.
საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. კონკურსის გამარჯვებულს ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა. ადგილობრივ და საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვებული საუკეთესო ღვინოები წარდგენილი იქნება ქვერის ღვინის მასტერ-კლასზე, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციების ცენტრში 17 სექტემბერს ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მეოთხედ უმასპინძლებს.