პროკურორ კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა ზაზა ალავერდაშვილმა დანაშაული სამსახურეობრივ ავტომანქანაში ჩაიდინა. მისივე თქმით, უკვე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალს ფიზიკური დაზიანებები ბრალდებულმა მიაყენა. ბრალდების მხარე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
ზაზა ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ მისი გათავისუფლება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, მას რომ მიმალვის განზრახვა რომ ჰქონდეს, ამას რამდენიმე დღის წინ გააკეთებდა, რადგან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი იყო შესული.
„ამდენად, პროკურორის არგუმენტი, რომ ის მიიმალება, ამით გაბათილებულია“, - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივ ავტომანქანაში ძალადობის დასადასტურებლად, მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არსებობს. გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზამ მსუბუქი დაზიანებები დაადგინა, რაც გაუპატიურების ბრალდებას არ შეესაბამება.
ზაზა ალავერდაშვილი 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.