weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებს მთავრობა 1200 ლარით დაეხმარება

15:07 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020
ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია, 2020 წლის თებერვალი / პროფკავშირების გაერთიანების ფოტო ფრონტერას ყოფილი თანამშრომლების აქცია, 2020 წლის თებერვალი / პროფკავშირების გაერთიანების ფოტო

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთა მიმართ კომპანიას თვეების დავალიანება აქვს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა ამბობს, რომ კომპანიასთან „საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში“ არიან.

„ამავდროულად, დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას“ 84 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მათ მიმართ დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება.

ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარება გაეწიოს 1200 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანს. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, ვალდებულებები შეასრულოს. მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებდა, რომ „ფრონტერამ“ 2019 წლის დეკემბერში 84 თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათ ხელფასის გადახდა მოითხოვეს. კომპანიას თანამშრომლების მიმართ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. მოქალაქეებმა არაერთი აქცია გამართეს კუთვნილი ხელფასის მიღებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ივლისის დასაწყისში კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი იპოვეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე 52 წლის მამაკაცის თვითმკვლელობას გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს.

„ფრონტერა“ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1997 წლიდან მუშაობს. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა და აპრილში დასრულდა. მთავრობა აცხადებდა, რომ სასამართლომ „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა დაადგინა და 27 ივლისიდან კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტასაც გეგმავდა. 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ გაწყვეტს და საშუალებას მისცემს, საქმიანობა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში გაგრძელოს, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე.

„ფრონტერა“ მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არასდროს არსებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]