თურნავა ამბობს, რომ კომპანიასთან „საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში“ არიან.
„ამავდროულად, დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას“ 84 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მათ მიმართ დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება.
ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარება გაეწიოს 1200 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანს. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, ვალდებულებები შეასრულოს. მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებდა, რომ „ფრონტერამ“ 2019 წლის დეკემბერში 84 თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათ ხელფასის გადახდა მოითხოვეს. კომპანიას თანამშრომლების მიმართ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. მოქალაქეებმა არაერთი აქცია გამართეს კუთვნილი ხელფასის მიღებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ივლისის დასაწყისში კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი იპოვეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე 52 წლის მამაკაცის თვითმკვლელობას გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს.
„ფრონტერა“ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1997 წლიდან მუშაობს. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა და აპრილში დასრულდა. მთავრობა აცხადებდა, რომ სასამართლომ „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა დაადგინა და 27 ივლისიდან კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტასაც გეგმავდა. 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ გაწყვეტს და საშუალებას მისცემს, საქმიანობა საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში გაგრძელოს, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე.
„ფრონტერა“ მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არასდროს არსებულა.