weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა აგვისტოს მეორე ნახევარში იგეგმება

13:40 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხაშურს ოთხზოლიანი, ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება.

ხელშეკრულების თანახმად, გზის მშენებლობა 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც გზების დეპარტამენტი განმარტავს, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტარქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.

„აგვისტოს ბოლოს, ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 11.5 კილომეტრზე გაიხსნება 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კილომეტრი დროებით იქნება 2-ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კილომეტრ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. საერთო ჯამში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.  

რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის 6.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება პროცესი.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) ნაწილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, მისი ექსპლოატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]