weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გზა ვინც ტრაქტორით გადაკეტა, ვენახი საერთოდ არ აქვს - მინისტრი აკურას ინციდენტზე

15:08 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

„ჩვენ ვნახეთ, აკურაში იყო ინციდენტი. შეიძლება იმ ადამიანს კახეთში იცნობდნენ, მას არ აქვს ვენახი და აპროტესტებს იმას, რაც საერთოდ არ ეხებოდა. გზის გადაკეტვის მცდელობა იყო. ჩვენ დავინახეთ ის ძარა, ტრაქტორი, იყო ცარიელი. ასეთი სპექტაკლების მომსწრენი, სამწუხაროდ, წინა წლებშიც ვიყავით, წელსაც არის, მაგრამ ერთი რამ ცხადი და ნათელია - რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება, მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას და ჩვენ რასაც ვამბობდით, იმას ვაკეთებთ“, - ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავის რაიონის სოფელ აკურაში 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს.

24-30 სექტემბრის პერიოდში, კახეთში, ღვინის ქარხნები საფერავს შეფერხებით იღებდნენ. მევენახეების ნაწილი კი 3 დღის განმავლობაში, 24-26 სექტემბერს საერთოდ ვერ ახერხებდა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებას და დატვირთული მანქანები სხვადასხვა სოფელსა და ღვინის ქარხნებთან იდგა.

29 სექტემბერს სოფელ აკურაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზვიან მანასაროვმა, რომელსაც ნათესავის (დეიდის) კუთვნილი ვენახში საფერავი ჰქონდა დაკრეფილი და ვერ აბარებდა, მაგისტრალი ტრაქტორით გადაკეტა. საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეომასალა ლეიბორისტული პარტიიდან ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ვარდოშვილმა გაავრცელა, რომელიც გურჯაანში მიდიოდა ერთ-ერთ ქარხანასთან მევენახეებთან შესახვედრად და გზა გადაკეტილი დახვდა.

ზვიად მანასაროვის თქმით, 2 დღის განმავლობაში ხარისხიანი საფერავი რამდენიმე ღვინის ქარხანაში მიიტანა, მაგრამ არავინ ჩაიბარა. ის ხელისუფლებას უცენზურო სიტყვებით აგინებდა.

საპატრულო პოლიციამ მანასაროვს ტრაქტორის გაყვანა და გზის გახსნა რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზედაც აქციის მონაწილემ უარი თქვა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, საფერავით დატვირთულ მანქანას, რომელიც სოფლის ცენტრში იყო გაჩერებული, მაგისტრალზე დაცლიდა.

სამართალდამცავებმა ტრაქტორის გაყვანა სცადეს, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა. მანასაროვი ავად გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა ზვიად მანასაროვი ტრაქტორიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.

მოგვიანებით ზვიად მანასაროვის მეუღლემ, ნინო დიდიძემ განმარტა, რომ მათი ყურძენი სეტყვისგან იყო დაზიანებული და ღვინის ქარხნებში მის ჩაბარებაზე უარს ამიტომ ამბობდნენ. თუმცა, 24-26 სექტემბერს საწარმოები ხარისხიან საფერავსაც შეზღუდვით ან საერთოდ არ იბარებდნენ.

აკურაში აქციაზე რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც თქვა, რომ საფერავს შეუფერხებლად იბარებდა გურჯაანში მდებარე საწარმო „გრუზვინპრომი“. აქციის მონაწილეები მას საპირისპიროს უმტკიცებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საფერავს ვერ აბარებდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა და შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს.

ამ ეტაპზე კახეთში გადამუშავებულია 232 თასი ტონა ყურძენი - 158 ათასი ტონა რქაწითელი,  61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

მიმდინარე წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელიც ყიდულობს და ამუშავებს კახეთში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანეს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]