weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„დაგვიბრუნეთ სამუშაო ადგილები“ – ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

22:31 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში აქცია გაიმართა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა შეზღუდვების მოხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, საბანკო ვალდებულებების გადავადება და სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის გაგრძელება-გაზრდა მოითხოვეს.

„მასწავლეთ, როგორ ვარჩინო ოჯახი 200 ლარად“, „დაგვიბრუნეთ სამუშაო ადგილები“, „მოვითხოვთ არსებობის საშუალებას“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებითა და შეძახილებით მოქალაქეებმა მსვლელობა ბათუმის ახალი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციით დაასრულეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებთან არ მივიდა. მის ნაცვლად ხალხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეხვდნენ. მათ აქციის მონაწილეებს რამდენიმე ადამიანის გამოყოფა და ამ ფორმატით მთავრობასთან დიალოგი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ, აქციის მონაწილეთა თქმით, ასეთი შეხვედრა ერთხელ უკვე შედგა და უშედეგოდ დამთავრდა.

„ჩვენ გვესმის პანდემია, ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ვითარება, მაგრამ ვინ უნდა გაუგოს მოსახლეობას? ყველაფერი გაჩერებულია, დაპაუზებულია და საბანკო სისტემა არ ჩერდება. ამ ადამიანებს, ვინც აქ დგანან, ყოველ დღე ჯარიმა და გადასახადი მოსდით. არავინ არ პასუხობს მათ, რით უნდა გადაიხადონ ეს გადასახადები, როდის უნდა გათავისუფლდნენ საბანკო ტერორისგან.

აქ მოვედით იმისთვის, რომ პასუხი გაგვცენ. იმ პირობებში როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ძალიან ბევრი კიდევ გამოვა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვებს გაშლიან და შიმშილობას დაიწყებენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რიგი მოთხოვნებიდან, არის ის, რომ შეაჩერონ/გაყინონ საბანკო ვალდებულებები, რადგან კოვიდ-რეგულაციებმა უმუშევრად დაგვტოვა, უსახსროები ვართ და საბანკო ვალდებულებებს ვერ გადავიხდით. ასევე ვითხოვთ ტრანსპორტის აღდგენას, რომ ქალაქი დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მოვითხოვთ კომპენსაციების გახანგრძლივებას იქამდე, სანამ არ დავუბრუნდებით ჩვენს სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ლუაშვილმა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ის შეზღუდვები, რაც მთავრობას აჭარის რეგიონში აქვს დაწესებული, ძალიან მინიმალურია და ამ ეტაპზე მათი მოხსნა არ განიხილება.

„გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება. აი, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა.

ამ ეტაპზე, შეზღუდვის მოხსნა, რა თქმა უნდა, არ განიხილება, იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მომდენო დღეებში შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ეპიდემიოლოგებისა და სხვა პროფესიონალების რეკომენდაციების საფუძველზე, ცენტრალურ დონეზე საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო 25 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, 26 სექტემბრიდან კი აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, გარდა ტაქსისა. ამასთან, აჭარაში არსებულ კაფე-ბარებს, რესტორნებს და კვების ობიექტებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით საქართველოს რეგიონებს შორის პირველია. დღეს აჭარაში COVID-19-ის 348 ახალი შემთხვევა იყო, გუშინ კი 416-ს მიაღწია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]