weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაჭაში რთველი 10 ოქტომბრიდან იწყება, ყურძენი სავარაუდოდ 7 ლარი ეღირება

13:00 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020
ფოტო ღვინის ეროვნული სააგენტოს არქივიდან ფოტო ღვინის ეროვნული სააგენტოს არქივიდან

რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობას ყურძინის ჩაბარება ხვალიდან, 10 ოქტომბრიდან შეეძლება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

„წელს, ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან უხვი მოსავალია, პროგნოზით, შარშანდელზე მეტი. რთველის შტაბში კერძო კომპანიებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება და, შესაბამისად, ხვალიდან მოსახლეობას უკვე ყურძნის კრეფაც. ტრადიციულად, ყურძნის მიღება იქნება რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

„რეგინფო“ ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, რომლებიც გასულ წლებში ყურძენს იბარებდნენ. „დუგლაძეების ღვინის მარნის“ მთავარმა მეღვინემ, ლევან ყანჩაველმა განაცხადა, რომ ყურძენს წელსაც შეისყიდიან, თუმცა ფასზე ჯერჯერობით არ არიან შეთანხმებული. ლევან ყანჩაველი ვარაუდობს, რომ გასული წლის მსგავსად ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ერთ კილოგრამ ყურძენში 7 ლარს გადაიხდიან.

„ხვანჭკარის ღვინის მარნის“ დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ თქვა, რომ წელს ყურძენს არ მიიღებენ, რის მიზეზადაც მან კოვიდ-პანდემიით გამოწვეული კრიზისი დაასახელა: „ღვინის რეალიზაციასაც ვერ ვახერხებ და მარაგებიც მაქვს. ყურძნის ფასი ალბათ იგივე იქნება“, – აღნიშნა მან.

„კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორმა ზურაბ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ჩაიბარებენ თუ არა ყურძენს: „შეიძლება საერთოდ არ ჩავიბაროთ ან ცოტა ჩავიბაროთ“, – ამბობს ზურაბ ჭიჭინაძე.

კომპანიაში „ასკანელი ძმები“ განაცხადეს, რომ რაჭის რთველში წელს არ ჩაერთვებიან.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. ჯიშობრივი სიზუსტის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]