პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები, საგზაო სამოსი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებში შესასვლელები.
შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდება გზის ორივე მხარეს ნაგავსაყრელებად ქცეული ტერიტორიები, სადაც საქონელი ბალახობს. ნარჩენების დაახლოებით 10 % აზბესტისშემცველი მასალაა, აზბესტის ყველა ფორმა კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აზბესტი კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია და ამის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად 107 ათასი ადამიანი იღუპება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.
პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.