weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარია

12:40 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ბიუჯეტი გამოაქვეყნა, რომლის მოცულობა 1.1 მილიარდი ლარია. მთავრობის ინფორმაციით, აქედან 545 მილიონი ლარი მოქალაქეების, ხოლო 515 მილიონი კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

მთავრობის ცნობით, მოქალაქეებზე ზრუნვის პაკეტით, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებისთვის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს, 500 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს და 545 ლარი დაიხარჯება. ამ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი – კომუნალური ხარჯების (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება) სუბსიდირება ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) მოხდება, ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა ერთი მილიონი ოჯახია, ბიუჯეტი კი 270 მილიონლარს შეადგენს.

მოქალქეებზე ზრუნვის პაკეტით გათვალისწინებულია შემდეგი:

  • 1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის – ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 125 000 პირი, ბიუჯეტი – 150 მლნ ლარი;
  • 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება – გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 100 ათასი, ბიუჯეტი – 30 მლნ ლარი;
  • 600 ლარიანი დახმარება – 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი – 55 მლნ ლარი;
  • 600 ლარიანი დახმარება – 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) – 24 ათასი ოჯახი, ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი;
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება – თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა – 43 ათასი პირი, ბიუჯეტი – 27 მლნ ლარი;

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტით გათვალსწინებულია:

  • საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი – 260 მლნ ლარი.
  • ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი;
  • 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა – განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა, ბიუჯეტი – 20 მლნ ლარი;
  • მთავრობის განცხადებით, გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა – 3700 კომპანია;
  • მიკრო გრანტების პროგრამა – მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნესპროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა), ბიუჯეტი – 40 მლნ ლარი;
  • საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში, ბიუჯეტი – 100 მლნ ლარი;

მთავრობის განცხადებით, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

მთავრობის გადაწვეტილებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში რიგი შეზღუდვები და აკრძალვები იმოქმედებს, მათ შორის, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დიდ ქალაქებში იხურება სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა). სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; 31 იანვრის ჩათვლით, იკრძალება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება, ზამთრის კურორტებზე დაიხურული იქნება კვების ობიექტები, ხოლო სასტუმროები მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის შემთხვევაში იმუშავებენ.

შეზღუდვების ნაწილი 24 დეკემბრის და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]