weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება – დავითაშვილი

14:31 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა მომავალი ოთხი თვის განმავლობაში ხორბლის ფქვილის ფასს თვეში დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს, რის შედეგადაც პურის ფასი არ გაიზრდება.

„ჩვენ რეგულარული მუშაობა გვქონდა მწარმოებლებთან, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვაცილებს თავიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი 53 ლარით განისაზღვრა.

„ეს არის ფიქსირებული ფასი, პირობა წისქვილებისთვის, რომ ამაზე ძვირად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს, რომელიც გამოიყენება პურის ცხობაში და ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ არ გავაძვიროთ პური. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე. ჩვენი მხრიდან დაახლოებთი ბიუჯეტი ასე არის შეფასებული – თვეში 2-2.5 მილიონი ლარი, რაც მთლიანი პროგრამის ბიუჯეტს დაახლოებით 10 მილიონი ლარით განსაზღვრავს“, – ამბობს მინისტრი.

სუბსიდირების პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

„მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს ოთხი თვის განმავლობაში - 31 მარტამდე. ამის შემდეგ დავაკვირდებით, როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე. ხორბალი განსაკუთრებული ვაჭრობის საგანია და ბევრი ფაქტორი განაპირობებს მის ფასს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ხორბლის ფქვილზე გლობალური ფასები, ჩვენ მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ შევაფასეთ სამ-ოთხთვიანი პერსპექტივა და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ინტერვენცია ამ მომენტისთვის საჭირო იყო. საქართველოში ხორბლის მარაგები არის და ის, რომ საკმაოდ მაღალი მარაგები გვქონდა (ეს იყო დაახლოებით 100 000 ტონაზე მეტი ხორბალი), გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დაბალანსებულიყო ფასი, თუმცა დავინახეთ, რომ უკვე სექტემბრიდან საკმაოდ გაძვირებული იყო ხორბალზე ფასი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში - ზრდა იყო დაახლოებით 200 დოლარიდან 270 დოლარამდე, რაც მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნიდა იმისთვის, რომ შემდგომში ხორბლის ფასი გაზრდილიყო, რაც შემდეგ ჯაჭვურად აისახებოდა ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტების ფასებზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მწარმოებლებთან ერთად, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ერთის მხრივ მარაგები გვქონოდა საკმარის ნიშნულზე, ქვეყნაში არ ყოფილიყო წყვეტა მიწოდების კუთხით და საბოლოოდ, დღეს, ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც, ვფიქრობ მისაღებია ორივე რგოლისთვის“, – განახადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა მთავრობას განცხადებით მიმართეს. როგორც ისინი ამბობენ, დღეს 50 კილოგრამი პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში ღირს და თუ სახელმწიფო არ ჩაერევა, შესაძლოა კიდევ დაახლოებით 10 ლარით გაძვირდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]