weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რა შეღავათები ექნება ბიზნესს 2021 წელს – ფინანსთა მინისტრის განმარტება

12:06 შაბათი, 09 იანვარი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მთავრობამ ბიზნესისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეიმუშავა.

მისი თქმით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელი უფლებამოსილია, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

„აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

„2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან ტურისტული სექტორში, ასევეა სასტუმროები, რესტორნები და სხვა.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს 45 მილიონ ლარს.

აღნიშული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა), ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გასული წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 20 მილიონ ლარს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე.

„რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ეს შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, დღგ-ს დაბრუნება 2021 წელსაც გასული წლის მსგავსად მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

„სრულ ავტომატურ მოდელზე გადავედით 2020 წლის ნოემბრიდან, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2021 წელს მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდეს ჩვენს ბიზნესს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]