weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთიანი რეგიონების სასტუმროებს სჭირდებათ პასუხი, ჯავშნები მიიღონ თუ არა – ალავერდაშვილი

15:02 პარასკევი, 15 იანვარი 2021

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ სასტუმროებს უკვე დღეს სჭირდებათ პასუხი, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას თებერვლიდან და მიიღონ თუ არა ჯავშნები.

როგორც ალავერდაშვილი ამბობს, ტურიზმის სექტორში აბსოლუტური გაუგებრობაა. მისივე თქმით, სექტორის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მკვდარია.

„ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. გუდაურსა და ბაკურიანში ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან. ეს არის შიდა ტურიზმისთვის ის მინიმალური შემოსავალი, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლისა და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში.

პირველ თებერვალს, რომ ვიღაცამ გვითხრას რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება. სასტუმროს უკვე დღეს სჭირდება პასუხი ჯავშნები მიიღოს ან თუ არა. სტუმარს სჭირდება ჩამოყალიბება სად წავიდეს თებერვალში, ისვენებს თუ არა და ფული უნდა დახარჯოს თუ არა.

ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები. ის მასალები, ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისა და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა. ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ. ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, წესით, ბაკურიანიც ჩაკეტილი უნდა იყოს, თუმცა იქაურობა ტურისტებითაა სავსე.

„იყო თეთრი ეკონომიკა და გადავედით შავზე. დავბრუნდით 90-იან წლებში. სასტუმროები ველოდებით, რომ თებერვლიდან გავიხსნათ. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, ისევე, როგორც არ ჩაკეტა ტურიზმი თურქეთმა და დუბაიმ. ავიღოთ მაგალითები მათგან. მარტის მეორე ნახევარი - 15-დან 30 მარტის ჩათვლით - არის ნოვურიზმის პერიოდი. ეს არის ახალი წელი მუსულმანური ქვეყნების. უამრავი პარტნიორი მყავს, ვისაც უნდა ახალი წელი გაატაროს საქართველოში. ხალხი გვეუბნება, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემოგვიშვათ. ორი კვირის განმავლობაში შეგვიძლია, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისი აზრით, შესაძლებელია ქვეყანაში იმ საერთაშორისო ტურისტების შემოყვანა მოხდეს, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, ან აცრილია.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს 27 ნოემბრის გადაწვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში – 2021 წლის თებერვლამდე შეჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, სასტუმროების მუშაობა კი დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]