weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ იმუშავებს „ენგურჰესი“ 45 მილიონიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ?

20:07 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021
ფოტო © ლევან გაბეჩავა / რადიო თავისუფლება ფოტო © ლევან გაბეჩავა / რადიო თავისუფლება

„ენგურჰესი“, რომელიც საქართველოს საერთო ელექტრომომარაგების დაახლოებით 35%-ს გამოიმუშავებს, ახლა 3 თვით გაჩერებულია. რეაბილიტაცია ჰიდროელექტროსადგურის 15.5 კილომეტრიანი გვირაბის მხოლოდ 2.5 კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 100-120 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება, ხოლო მთელ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, ექსპერტების თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 2-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მიიღებს.

„ენგურჰესის“ ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის სულ მცირე 45 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, ხოლო 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) აღებული სესხია, რომელიც სახელმწიფომ 13 წლის მანძილზე უნდა გადაიხადოს. ენერგეტიკის ექსპერტების თქმით, ეს თანხა „წყალში გადაყრილი ფულია“, რადგან სრულმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების გარეშე, ჰიდროელექტროსადგური მალე ისეთივე პრობლემების წინაშე დადგება, რაც ახლა აქვს.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური 1961-1978 წლებში აშენდა და „ენგურჰესთან“ ერთად „ვარდნილჰესის“ 4 კასკადს აერთიანებს, რომელთაგან ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს და 120 მეგავატის სიმძლავრისაა. გაჩერებულია დანარჩენი 3, რომელთა საერთო სიმძლავრე ასევე 120 მეგავატს უდრის.

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას განცხადებით, რეაბილიტაციის დროს გვირაბზე უნდა შემცირდეს ფილტრაციული და წნევის კარგვის მაჩვენებელი, აგრეთვე დაგეგმილია ავარიული უბნების რემონტი, აგრეგატების საიმედოობის გაზრდა, ავარიული გაჩერებების პრევენცია, ტრანსპორტირების პირობების გაუმჯობესება, მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილი მოწყობილობების გამოცვლა და ა.შ.

„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბი 15.5 კილომეტრი სიგრძისაა. ეს ნიშნავს იმას, რომ სარეაბილიტაციოდ შერჩეულია ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთები, ვინაიდან პრობლემას წარმოადგენს არა მარტო გვირაბი, არამედ, მათ შორის, არსებობს წყალსაცავთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე კაშხალთან, თავად ჰესის შენობასთან, ძალოვან კვანძთან და სხვა“, – განაცხადა ჰიდროენერგეტიკოსმა ვახტანგ ზარქუამ.

მისივე თქმით, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მდგომარეობა მეტად მძიმეა და ნაწილობრივი რეაბილიტაციის ნაცვლად, სრულ აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.

2020 წლის ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) სტატისტიკით, საქართველოს მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 12 412.6 მლრდ. კვტ.სთ შეადგენდა, საიდანაც იმპორტირებული ელექტრონერგია 1 610.1 მლრდ. კვტ.სთ იყო. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სამი ქვეყნიდან ხდება: აზერბაიჯანი - 45.1%, რუსეთი - 35.4% და თურქეთი - 19.5%.

„საპროექტო მონაცემებით „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ ოთხივე კასკადის გამართულად მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია 5,5 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება“, – აღნიშნა ზარქუამ, რომლის ვარაუდით, „ენგურჰესის“ სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1 წელი საკმარისი იქნებოდა.

„ობიექტი სრულმასშტაბიან სამუშაოებს საჭიროებს, რათა ელექტროენერგიის გამომუშავება რეალურად გაიზარდოს და ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი გახდეს. ნაწილ-ნაწილ რეაბილიტაცია არის წყალში გადაყრილი თანხა.

ჰესს იმიტომ კი არ უტარდება რეაბილიტაცია რომ გაიზარდოს გამომუშავება, არამედ საჭიროება დადგა, რადგან წყლის ჟონვის პრობლემის გამო უბრალოდ სხვა შემთხვევაში ჰიდროელექტროსადგური ვეღარ იმუშავებდა“, – აღნიშნა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა.

„გარემოს დაცვით მოქმედებათა გეგმაში ჩაიწერა, რომ მომხდარიყო „ენგურჰესის“ სრული რეაბილიტაცია, რადგან ამით ენერგიის მეტ გენერაციას იღებ და ასეთ შემთხვევაში აღარ გჭირდება დამატებითი ჰესების მშენებლობა“, – განმარტა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძის თქმით, ახლა რომ „ენგურჰესის“ სრული რეაბილიტაცია ტარდებოდეს, რომელშიც „ვარდნილჰესის“ კასკადების აღდგენაც იგულისხმება, 100-120 მლნ კვტ.სთ-ის ნაცვლად ბევრად მეტი ენერგიის გენერაციას შესაძლებლობა იქნებოდა.

ესკოს მონაცემებით, 2020 წელს „ენგურჰესმა“ სულ 2 735.7 მლრდ კვტ.სთ ენერგია, ხოლო „ვარდნილჰეს 1“-მა 591.1 მლნ. კვტ.სთ გამოიმუშავა. „ენგურჰესისა“ და „ვარდინლჰეს“ N1-ის გამომუშავებული ენერგიის 40% ოკუპირებულ აფხაზეთს უფასოდ მიეწოდება, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოს ხმარდება. ეს გადანაწილება 1997 წელს სიტყვიერი შეთანხმებითაა მიღწეული.

ნინო ჩხობაძე, რომელიც 1995-2004 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი იყო, ამბობს, რომ „ენგურჰესის“ სრული რეაბილიტაციაზე საუბარი 2000-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ ჰესის დიდი ხნით გაჩერებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შეთანხმების მიხედვით, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიიდან ოკუპირებულ აფხაზეთს მხოლოდ 40% უნდა მიეწოდებოდეს, ეს პროცენტული მაჩვენებლი დიდი ხანია დარღვეულია, რადგან 2020 წელს „ენგურჰესისა“ (2 735.7 მლრდ კვტ.სთ.) და „ვარდნილჰესის“ (591.1 მლნ. კვტ.სთ.) წლიური გამომუშავებული ენერგიიდან აფხაზეთის მომარაგებას 2 552.4 მლრდ კვტ.სთ ენერგია მოხმარდა.

„ენგურჰესის“ კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2006 წელს განხორციელდა. ახლად რეაბილიტირებული ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის მაისში იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]