ამასთან, როგოც გიორგი გახარიამ თქვა, შემსუბუქდება მოთხოვნები, რომ სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა ყველა რესტორანმა შეძლოს.
„დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ასეთ შეღავათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა აჩვენა. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.
დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.
გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება – სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს. გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ.