weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

6 თებერვლის დაუმორჩილებლობის აქციას გასტრონომიის ასოციაციაც უერთდება

14:18 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, რომელსაც 87 წევრი ჰყავს, ხვალ, 6 თებერვალს, 14:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება. გარდა ამისა, ასოციაცია დაუმორჩილებლობის აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა.

ქოქიაშვილის თქმით, 4 თებერვლის, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის წევრებმა რესტორატორებს ვერ წარუდგინეს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათ სარესტორნო ბიზნესს სრულად ამუშავების შესაძლებლობას მისცემს. ლევან ქოქიაშვილის თქმით, მათ დღემდე არ იციან კონკრეტული თარიღი, თუ როდის აპირებს მთავრობა ბიზნესის ამუშავებას. ამის გამო, რესტორნებმა პროტესტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

„არავითარი გეგმა არ აქვთ და გვეუბნებიან, ტრანსპორტს, სკოლებს და ღია სივრცეებს რომ გავხსნით, დავაკვირდებით ვირუსის დადებითობის მაჩვენებელს და თუ ისევ 4% ნაკლები იქნება, შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებასო“, – განაცხადა ქოქიაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა რამდენიმე თვეა, მათ სატყუარას უგდებს, მაგრამ რეალური და გადამწყვეტი ნაბიჯები მაინც არ ჩანს.

„დღე-დღეზე თუ არ გავიხსენით, დაწყებულია მასიური გაკოტრება. მეიჯარეები ფართებიდან აგდებენ რესტორნებს, განსაკუთრებით თბილისში, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავიხსნათ“, – განაცხადა ქოქიაშვილმა.

ლევან ქოქიაშვილის თქმით, რესტორნების სექტორის მოთხოვნებია: შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა; კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 12:00 საათამდე; შიდა სივრცეების გახსნა; 2-წლიანი საგადასახადო შეღავათები; თანამშრომლების ძველი ხელფასების კომპენსანცია სრულ გახსნამდე; ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.

„ვითხოვთ , ერთი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ წარგვიდგინოს კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს ჩვენი სექტორის ყველა მოთხოვნა“, – ამბობს ქოქიაშვილი.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე კი ფიქრობს, რომ „ყინულის ლღვობა“ დაწყებულია, მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეების გახსნა პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის, მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.

„შესაძლებლობა მოგვეცემა კონტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა მთავრობასთან რომ უფრო მეტი შედეგიანი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას ფუნქციონირების გაგრძელების“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

დაუმოჩილებლობის აქცია ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტთან უნდა დაიწყოს. აქციის მონაწილეები დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს და 9 საათიდან თბილისის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, დღის განმავლობაში გავრცელდება იმ რესტორნების სახელები, რომლებიც „დაუმორჩილებლობის აქტისთვის“ გაიხსნებიან.

„მოქალაქეები გადავნაწილდებით ჩვენთვის ახლო ლოკაციების შესაბამისად, ვისარგებლებთ რესტორნების მომსახურებით და რაც მთავარია, არ მივცემთ სახელმწიფოს მათი უსამართლო დაჯარიმების საშუალებას“, – აცხადებს „სირცხვილია“.

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის (რომელსაც რესტორნები წარმოადგენენ) – 10 000.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გირგი გახარიამ განაცხადა, რომ რესტორნები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას 15 თებერვლიდან შეძლებენ. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაციები, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]