weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარესტორნო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

11:44 შაბათი, 06 თებერვალი 2021
ფოტო © მოძრაობა "სირცხვილია" ფოტო © მოძრაობა "სირცხვილია"

მხოლოდ ღია სივრცეების გახსნა, კომენდანტის საათის გათვალისწინებით და შაბათ-კვირის გამოკლებით, სარესტორნო ბიზნესისთვის გამოსავალი არ არის და ამით ფინანსური პრობლემების სწრაფად მოგვარებას არ ელოდებიან გიორგი გახარიას მთავრობისგან, რომელიც ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ძირითადად მუქარის ტონით ესაუბრება. ისინი, დღეს, დაუმორჩილებლობის მარშს შეურთდებიან, რომელიც პარლამენტთან საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და ე.წ. კომენდანტის საათის დროს გაგრძელდება.

„საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაში“ გაწევრიანებული 80-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი საპროტესტო აქციას შეუერთდება. ასევე, დაუმორჩილებლობას „კომენდანტის საათის“ დროს მსვლელობით გამოხატავს „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციაში“ გაერთიანებული 500-მდე ბიზნესის წარმომადგენელი, რომლებიც „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსავლის გრძელვადიანი გეგმის შეთავაზებას ერთ კვირაში ელოდებიან, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მათი მოთხოვნები. კერძოდ: კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა შუაღამემდე, შიდა სივრცეების გახსნა, შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა, 2-წლიანი საგადასახადო შეღავათები, თანამშრომლების ძველი ხელფასების კომპენსაცია სრულ გახსნამდე, ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების ეს განცხადება, პასუხია პრემიერ-მინისტრის მუქარაზე, რომლის მიხედვით გიორგი გახარიამ „სამართლიანი ნაბიჯი“ უწოდა დაუმორჩილებელი ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოსგან გარკვეული სუბსიდირების შეწყვეტას და მომავალშიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას, თუ ეს ბიზნესმენები მიზანმიმართულად დაარღვევენ პანდემიის დაწესებულ წესებს.

მრავალი შეხვედრის მიუხედავად, მთავრობამ არ დაასახელა თუ კონკრეტულად რომელი რიცხვიდან შეძლებენ რესტორნები მუშაობის სრულად განახლებას. ამჟამად, ხელისუფლება ბიზნესმენებს საქმიანობის აღდგენას, მხოლოდ ღია სივრცეებში სთავაზობს და ეს მაშინ როცა საქართველოში არსებული კვების ობიექტების უმეტესობას ღია სივრცე ან არ აქვს, ან იმდენად მცირე ზომისაა, რომ რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელთა მიღებას ვერ შეძლებენ.

რესტორან „კახელებს“ ღია სივრცე, სადაც სტუმრების მიღებას შეძლებენ, საერთოდ არ აქვთ. ხელმისაწვდომია, მხოლოდ მცირე ზომის ე.წ. მოსაწევი სივრცე, რომლის გამოყენებას მომხმარებელთა მიღების მიზნით ვერ შეძლებენ.

„რესტორნების 80% პროცენტს და მათ შორის, არც მე არ მაქვს ღია სივრცე და რომელი ჭკუათმყოფელი დაჯდება რესტორანში თებერვალში, სიცივეში, ღია სივრცეში, ვუერთდები პროტესტს, რადგან ეს რეგულაცია მე საერთოდ არ მეხება, კრიზისია ქვეყანაში და გამოძახებებიც მინიმალურია“, - აღნიშნა რესტორან „კახელების“ მეპატრონე ჯუბო ხუნდაძემ.

რესტორან „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ კიკნაძე ბიზნესის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყოველკვირეულად იკლებს გატანის სერვისზე მოთხოვნა, ამიტომ ის მზადაა, რეგულაციების დაცვისა და ღია სივრცის ამოქმედებისთვის. რესტორანს 150 კვ.მ ფართობის ღია სივრცე აქვს, სადაც პანდემიამდე 60 ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი, თუმცა, ახლა, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეგულაციების გათვალისწინებით, ამავე სივრცეში მაქსიმუმ 35 სტუმრის მიღებას თუ შეძლებენ.

„კომენდანტის საათი ისევ მოქმედებს, თან შაბათ-კვირას არ გვაქვს უფლება მომხმარებლების მიღების და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უბრალოდ ისადილებს და წავა, ამიტომ ჩვენი მდგომარეობა საერთო ჯამში არ შეიცვლება“, - განაცხადა კიკნაძემ „რეგინფოსთან“ საუბრისას.

რესტორანი „შავი ლომი“ 15 თებერვალს ღია სივრცის გახსნას ელოდება, თუმცა ობიექტის მეპატრონე მერიკო გუბელაძე არაადეკვატურად აფასებს შაბათ-კვირის შეზღუდვის დატოვებას, რომლის გათვალისწინებით, რესტორნები ამ ორ დღეს ვერ შეძლებენ სტუმრის მიღებას, თანაც მუდმივმოქმედი კომენდანტის საათის ძალაში დატოვების პირობებში. მისი თქმით, რესტორანს თითქმის 90% -იანი ფინანსური ზარალი აქვს, რაც მათთვის გადარჩენის რეჟიმში ყოფნის ტოლფასია. ქვეყანაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, შემცირებულია „შავი ლომის“ ონლაინ გაყიდვებიც და ე.წ. გატანით სერვისით სარგებლობაც.

„რესტორნების უმრვლესობა უფრო კარგადაა მომზადებული, ვიდრე საავადმყოფოები, რეგულაციების დაცვა ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, შეუსრულებელ პირობას, უფრო კარგად მივხედავ მე ჩემს ბიზნესს, ვიდრე სახელმწიფო მომხედავს მე, თანაც ზაფხულში გახსნის ერთი ეტაპი უკვე გავიარეთ და ვიცავდით რეგულაციებს“, - აღნიშნა გუბელაძემ „რეგინფოსთან“ საუბრისას, თანაც დასძინა, რომ ყველა რესტორანი, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას, წესებს სრულად დაიცავს და არ გახდება ეპიდემოილოგიური ვითარების გაუარესების მონაწილე.

ღია სივრცეების გახსნას წინგადაგმულ ნაბიჯად აფასებს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება, პირველი მარტისთვის სარესტორნო ბიზნესს სრულად გახსნიან. ამასთან, კვიჭიძის თქმით, ისეთი ობიექტებისთვის, რომლებიც ტურისტებზე იყო ძირითადად დამოკიდებული, რეგულაციის შემსუბუქებით და ღია სივრცის გახსნით მაინც არაფერი იცვლება.

„ტურიზმის მიმართულებით მიბმულ სარესტორნო ბიზნესისთვის მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან თუ ტურიზმი არ გაიხსნება და არ დაიწყება ტურისტების შემოდინება ქვეყანაში, ჩვენი სფერო მათ გარეშე გაჩერებულია და მაგ მხრივ, არანაირი იმედი არ მაქვს“, - განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი განმარტავს, რომ მთავრობა რეტორატორებს არ აძლევს კოკრეტულ ვადებს, სადაც იქნება გაწერილი დახურული სივრცეების ამოქმედების გეგმა. 

„არავითარი გეგმა არ აქვთ და გვეუბნებიან, ტრანსპორტს, სკოლებს და ღია სივრცეებს რომ გავხსნით, დავაკვირდებით ვირუსის დადებითობის მაჩვენებელს და თუ ისევ 4% ნაკლები იქნება შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებასო.“ - განაცხადა ქოქიაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა რამდენიმე თვეა სატყუარას უგდებს მათ, მაგრამ რეალური და გადამწყვეტი ნაბიჯები მაინც არ ჩანს.

ერთიანად ყველაფრის გახსნის „ილუზია“ არ ჰქონდა შოთა ბურჯანაძეს, რომელიც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელია, თუმცა ღია სივრცეების გახსნას ბევრი რესტორნისთვის ფუნქიონირების დაწყების შესაძლებლობად მიიჩნევს. 

„ღია სივრცეების გახსნა არის შედეგი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზოგადად ტურისტულ ბიზნესს დაახლოებით 3.5 მილიარდიანი დოლარის ბრუნვა აქვს წელიწადში, ჩვენთან სარესტორნო ბიზნესში კი არის გაერთიანებული 10 000-მდე კვების ობიექტი, სადაც დაახლოებით 250 000 ადამიანია დასაქმებული,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილ კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან შეუძლიათ გარე სივრცეებში მუშაობის დაწყება, გარდა შაბათ-კვირისა. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]