weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თითქოს ინვესტორები ზურგზე მოიკიდებენ ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც – თურნავა

10:12 კვირა, 07 თებერვალი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი სტრატეგიული პროექტია, რადგან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. მინისტრის თქმით, პროექტის გარშემო სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტოლერანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამ ტრადიციას კი არასოდეს დავარღვევთ, რაოდენ ცალკეული გამოვლინებებიც არ უნდა იყოს ამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც ჰიდრონაგებობები განთავსდება.

„ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა.

გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს.

ზოგმა კომპენსაცია მიიღო თავისი საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, ზოგმა კი მიიღო კომპენსაცია იმის გამო, რომ უბრალოდ ამუშავებდა მიწას, რომელიც მათ არც კი ეკუთვნოდათ. რომ არა ინვესტორი და „ნამახვანჰესი“, მათ ამის პერსპექტივა საერთოდ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით გადასცა. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა.

მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 განკარგულებით, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 5 763 023 კვ.მ ფართობი (576.3 ჰექტარი), მათ შორის 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე. განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

 

ამ თემაზე:

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]