როგორც თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს.
„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. რას ნიშნავს პაუზა, ჩვენ, პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით, ახლა ჩვენ, დაახლოებით, ერთი ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ.
ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია, იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ამ ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი და დაახლოებით, ორი კვირა მაინც გვინდა, რომ დავინახოთ, რა ხდება. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება და სხვათა შორის, ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, რომ თებერვალში ეს დიდი ბლოკი და უკვე მარტიდან, თუ არაფერი არ გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.