weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ველისციხელი ივანე ნარეკლიშვილის ქვევრის ღვინოები ოქროს მედლებით დააჯილდოვეს

13:49 შაბათი, 19 აგვისტო 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები მეღვინის, ივანე ნარეკლიშვილის ქვევრის ღვინოებმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-9 საერთაშორისო გამოფენაზე ორი ოქროს მედალი და ორი გრანპრი აიღო.

ივანე ნარეკლიშვილმა კომპანია „ქვევრის ღვინის მარანი“ 2015 წელს დააფუძნა, ღვინოები კი 2016 წელს აღებული მოსავლიდან დაამზადა. 2017 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამეფენა WinExpo Georgia’17-ში კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა.

„ქვევრის ღვინის მარნის“ თეთრი მშრალი ღვინო „მწვანე ქვევრის“ გამოფენის საუკეთესო ღვინოდ (The Best of the Show) დასახელდა. ამავე ღვინომ მოიპოვა ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი საუკეთესო ქვევრის თეთრი მშრალი ღვინის ნიმინაციაში. ოქროს მედალი და ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ჯილდოს ოფლობელი გახდა ქვევრის წითელი მშრალი ღვინო „საფერავი ქვევრის“.

ივანე ნარეკლიშვილი სამი სახის ღვინოს - რქაწითელს, მწვანესა და საფერავს ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ამზადებს და ქვევრში აყენებს. ივანე ნარეკლიშვილის თქმით, მეღვინეობა მისი ოჯახის საგვარეულო ტრადიციაა.

„ველისციხეში ჩემ დიდი პაპას 25 ჰექტრამდე ვენახი ჰქონდა გაშენებული, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავდა. გაკულაკების დროს ვენახები ჩამოართვეს. მოგვიანებით, პაპაჩემმა ძველ ადგილებში შედარებით მცირე მასშტაბით ვენახი გააშენა. მან ღვინის წარმოება დაიწყო და საქართველოს გარდა, რუსეთშიც ყიდდა“, - უთხრა ივანე ნარეკლიშვილმა „რეგინფოს“.

„ქვევრის ღვინის მარნის“ ღვინოების შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში, ღვინის რამდენიმე მაღაზიაშია შესაძლებელი. ივანე ნარეკლიშვილის თქმით, მის მიერ დამზადებული ღვინოები მაღალი ნიშის ღვინოებია და ქსელური მაღაზიებისთვის არ არის განკუთვნილი.

მეღვინე მომავალში წარმოების გაფართოებას და რქაწითელის ვენახისთვის ბიო-მეურნეობის სერტიფიკატის მოპოვებას გეგმავს.

WinExpo Georgia საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთადერთი საერთაშორისო გამოფენაა. წელს 43 კომპანიიდან 164 ნიმუშს სპეციალური ჯილდო გადაეცა: 84 ბრინჯაოს მედალი, 36 ვერცხლის მედალი, 26 ოქროს მედალი, 2 განსაკუთრებული ჯილდო (The Best of the Show) და 5 განსაკუთრებული სახელობითი ჯილდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]