weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საბჭოთა კავშირის კოლაფსი რომ არა ნამახვანჰესი ალბათ აშენებულიც იქნებოდა – თურნავა

14:07 პარასკევი, 05 მარტი 2021

„ნამახვანის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არის დამუშავებული და რომ არა საბჭოთა კავშირის კოლაფსი, ალბათ, აშენებულიც იქნებოდა. თუმცა, რაც მოხდა ეგეც კარგია, რადგან ჩვენ მოსალხეობასთან, გარემოსდაცვით ექსპერტებთან კომუნიკაციით პროექტი უფრო დავხვეწეთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მინისტრის თქმით, ნამახვანჰესის პროექტი დღევანდელი სახით უფრო უსაფრთხო და ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც 3-საფეხურიანი პროექტი არსებობდა.

„დღეს ეს არის 433 მეგავატის სიმძლავრის ორჰესიანი, ორსაფეხურიანი კასკადი; პოტენციური გამომუშავება მილიარდ ხუთასი მილიონი კილოვატ საათი, რაც ჩვენი მოხმარების 10-12%-ია. მას გააჩნია წყალსაცავი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ზამთარში შევიანახოთ წყალი და როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, გამოვიყენოთ, თუმცა ეს არ არის ყველაზე დიდი წყალსაცავი - ენგურჰესის წყალსაცავთან შედარებით 6-ჯერ უფრო მცირე ტევადობის, მოცულობის წყალსაცავია.

ეს არის ძალიან მსხვილი უცხოური ინვესტიცია – 830 მილიონ დოლარს უახლოვდება, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს პოსტპანდემიურ ეკონომიკას, რომ აქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს არის 1600-დან 2000-მდე ადგილობრივის დასაქმება და აქედან დიდი რაოდენობა დღეს უკვე დასაქმებულია. ეს არის საკმაოდ კარგად შესწავლილი და უსაფრთხო პროექტი“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში მოქმედი ელექტროსადგურების 70% საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მიუხედავად იმისა, რომ დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, „მორალურად, ფიზიკურადაც და ტექნოლოგიურადაც მოძველებულია“.

„დღეს ქვეყანაში ყველა ჰიდროელექტროსადგური და თბოსადგური რომ შევკრიბოთ, დაახლოებით 4500 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურებია. ეს არის ის სიმძლავრე, რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს და ქმნის ჩვენს ელექტროენერგიას. აქედან 3100 მეგავატზე მეტი, ანუ მთელი ჩვენი ეროვნული სიმძლავრის ნახევარზე მეტი, 70% არის საბჭოთა პერიოდში აშენებული სადგურები.

არსებობს კვალიფიციური და საჯარო კვლევები, რომლის მიხედვითაც უახლოეს ათწლეულს ჩვენს მიერ ელექტროენერგიის მოხმარება მიაღწევს 20-დან 23 მილიარდამდე კილოვატ საათს წელიწადში. დღეს არის 13 მილიარდი, ანუ პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგდება უახლოეს ათწლეულში.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ 10 წელში თუ გვინდა შევინარჩუნოთ არსებითად ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ საკუთარი ენერგიით და არა იმპორტით, წელიწადში სულ მცირე 100 მეგავატის ახალი სადგური უნდა შეგვყავდეს ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, თითოეულ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმის და მოსახლეობის ინტერესები უკეთ უნდა იყოს გათვალისწინებული: „თუნდაც ნამახვანის მაგალითზე ვფიქრობთ, რომ შეიძლება დავიდეთ ისეთ მექანიზმებზე, ისეთ შეთანხმებაზე, მაქსიმალურად განვმარტოთ და რისი გათვალისწიენბაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ უფრო მარტივი იყოს მომავალში თითოეულ ელექტროსადგურზე მუშაობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]