weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდ პროექტს დიდი მიწა სჭირდება, კისერზე არავის მოუკიდია – თურნავა ნამახვანჰესზე

12:13 სამშაბათი, 09 მარტი 2021

„ნამახვანთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი მიწის პრივატიზებაა. აქ მინდა გავმიჯნო, სად ვხედავთ პრობლემას. თუ პრობლემაა ის, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, ამ დისკუსიაში ვერავის წამოგყვებით, იმიტომ, რომ საუბარია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა გადაეცა უცხოელ ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე.

ნათელა თურნავას თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი ყველა პროცედურა, თუ როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის მიღება და გადაცემა ინვესტორმა კომპანიამ.

„ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტთან კავშირში. ეს არ არის უპირობო გადაცემა და არის იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები, რომ 28-კილომეტრიანი გზა გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ, რომ კომპანია 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის ამ პერიოდში.

ეს არის მიღებული პრაქტიკა. არაფერი ექსტრაორდინალური აქ არ მომხდარა.

რატომ არის დიდი მიწა? დიდი მიწა სჭირდება დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჩვენ გადავეცით 500 ჰექტარი მიწა და ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულიყო, კიდევ 700 ჰექტარი მიწა გვქონდა გამზადებული გადასაცემად ასევე გრძელვადიანი სარგებლობით და საინვესტიციო პირობებით. ენერგეტიკაც არის ის დარგი, სადაც დიდი მიწა სჭირდება ჰიდრო ნაგებობეს.

შესაბამისად, ჩვეულებრივი პრაქტიკაა. 2011 წელს დარიალი ჰესისთვის იგივე წესით იქნა გადაცემული მიწა. ასეთივე წესით 2020 წელს რუსთავში სამკერვალო ფაბრიკას გადავეცით მიწა და იქ უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

თუ პრობლემაა ის, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინვესტორი და არა ქართველი ინვესტორი, შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობას თუ გავყვებით, „ენერგო-პროს“, ჩეხურ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი და მოცულობითი აქტივები - შაორი, გუმათი, რიონი, თავისი წყალსაცავებით და რა? მოიკიდა კისერზე ეს მიწა და გაიტანა ჩეხეთში თუ 6500 კაცი დაასაქმა საქართველოში? აქედან გამომდინარე, უნდა დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია.

შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ თოთოეულ მიწას. თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც გადის პროექტის გარეთ, კომპანიას აქვს ვალდებულება დააბრუნოს უკან, მაგრამ მე მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად დასაბუთებული იქნება. ასევე, მომავალში გადასაცემ თითოეულ მიწის ნაკვეთზე შეგვიძლია ასეთივე წესით ვიაროთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ 10 135 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობას ეხება. პეტიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მდინარე რიონზე ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეწყდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]