weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამები გვესმის – თურნავა

13:08 სამშაბათი, 09 მარტი 2021 hits 465

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. როგორც მინისტრმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გამოსვლის დროს თქვა, კრიტიკის ნაწილია ჰესის ინვესტორი კომპანიის, შპს „ენკა რინიუებლზის“ მისამართით ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა.

„იკვეთება, რომ ნამახვანის ირგვლივ მიმდინარე კრიტიკა ჩვენ შეგვიძლია პირობითად დავყოთ საბ ბლოკად: პირველი ნაწილი არის ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ - ე.წ. „არა ჰესებს“, მეორე ნაწილი ეს არის ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მიმართულია ინვესტორის წინააღმდეგ და მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ.

აქ შეკრებილია საზოგადოება, ბევრი მოწვეული სტუმარი, ჩვენი ტრადიციული კრიტიკოსები. აბსოლუტურად ღია ვართ კრიტიკისთვის და მზად ვართ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, მაგრამ ამ სამი ბლოკიდან, რა რაკურსშიც მიმდინარეობს დისკუსია და კრიტიკა ნამახვანჰესთან მიმართებაში, იზიარებენ თუ არა ისინი პირველ ორს - ანუ იზიარებს ისინი თუ არა, რომ საერთოდ „არა ჰესებს“ და იზიარებენ თუ არა იმ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც გვესმის ამ უცხოელი ინვესტორის მიმართ. თუ იზიარებენ, მაშინ ამ ნაწილში ვერავის შევყვებით და სალაპარაკო არაფერია. თუ არ იზიარებენ, მაშინ ნებისმიერი საკითხი ამ პროექტის ირგვლივ არის ღია“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებას არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი გამოეხმაურა. დავით ჭიპაშვილის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადებები არსად გაუგია.

„თურმე, ეს ხალხი დაყოფილი ყოფილა ჰომოფობებად, ქსენოფობებად, „არა ჰესებად“ და კიდევ რაღაცებად. არ ვიცი, ტერმინების არევასთან გვაქვს თუ არა საქმე, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არავის არსად, მით უმეტეს, ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. საერთოდ, რა შუაშია ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, როდესაც ენერგოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ 10 135 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობას ეხება. პეტიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მდინარე რიონზე ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეწყდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]