weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვაპირებთ ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიან რევიზიას – ეკონომიკის მინისტრი

21:52 სამშაბათი, 09 მარტი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიანი რევიზია არ იგეგმება, რადგან ის უკვე დამტკიცებულია და მთავრობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

„მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტის საფუძვლიან, ხელახალ რევიზიას, იმიტომ, რომ ეს პროექტი დამტკიცებულია, მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს.

მაგრამ ვაპირებთ, რომ გავხსნათ, პროცესი არის მიმდინარე და თუ დამატებით კვლევაა საჭირო, მაშინ გავაკეთოთ“, – განაცხადა თურნავამ პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ეკონომიკის მინისტრმა ამ განცხადებით უპასუხა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის წინადადებას, რომელიც ნამახვანჰესის პროექტის შესასწავლად და რეკომენდაციების მოსამზადებლად მესამე მხარის მოწვევას შეეხებოდა.

„რადგან ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, სცდება ნამახვანს და ეხება ყველა ჰიდროელექტროსადგურს, იქნებ ამ მწვავე დაპირისპირების ფონზე მოგვეწვია ყველაზე ავტორიტეტული, ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ამ პროექტის შესასწავლად და შესაფასებლად. ეს არის ჩემი შეთავაზება პარლამენტისთვის და მინისტრებსაც მოვუწოდებ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობები იღებს მასშტაბურ ხასიათს“, – განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

28 თებერვალს, ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს.

აქციის შემდეგ, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს და ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავას მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავლა. 5 მარტს მინისტრები ჯერ ცაგერში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარვები აქვთ გაშლილი და 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. გადაწყდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 12 მარტს გაიმართება. როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი პროტესტს აგრძელებენ და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 14 მარტს კვლავ გამართავენ აქციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]