weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკონომიკის მინისტრის ოთხპუნქტიანი შეთავაზება რიონის ხეობის მოსახლეობას

15:52 პარასკევი, 12 მარტი 2021

ქუთაისში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც შეხვედრა დასაწყისშივე დატოვა, რიონის ხეობის მცველებს ოთხპუნქტიანი შეთავაზება დაუტოვა.

„ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია, კომპანიაც არის სოლიდური და მთლიანობაში, ნამახვანიჰესი არის აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ, რადგან გვესმის, რომ არის გარკვეული უნდობლობა და კითხვები, კომპანიასთან რამდენიმე რამეზე შევთანხმდით:

  1. კომპანია გააგრძელებს ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს ძირითად ნაწილს, რაც არის კაშხალი და წყალსაცავი. ამასობაში სახელმწიფო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს და მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება, გახსნილად და ღიად.
  2. რა სიკეთე მოაქვს ამ პროექტს არამხოლოდ საქართველოსთვის, კონკრეტულად რიონის ხეობისთვის. ჩვენ შევთანხმდით რომ შეიქმნება ხუთმილიონიანი რიონის ფონდი, რომელიც დააფინანსებს ყველა აქტუალურ პრიორიტეტს და პროგრამას, რასაც თვითონ მოსახლეობა შემოგვთავაზებს. ამ თანხების განკვარგვაში სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ფონდში კონტრიბუციას გააკეთებს როგორც ინვესტორი, ასევე, სახელმწიფო.
  3. კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს. ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცდილი ენერგეტიკოსი, რომელიც მეტ ნდობას იწვევს საზოგადოებაში. უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში და მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიადევნებს თვალყურს, რომ დასაქმებული პირების უფლებები და პირობები იყოს დაცული.
  4. პროექტის ზედამხედველობა ყოველთვის იწვევდა კითხვებს. შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელშიც შევლენ საინჟინრო პოტენციალის მქონე ჩვენი საუკეთესო ძალები, ჩაერთვებიან უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რომ გამოირიცხოს რაიმე შეცდომა, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დიდი პროექტისთვის.

თურნავასთან ერთად შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც იმყოფებოდა. მინისტრებმა შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზი იმ მიზეზით დატოვეს, რომ ჟურნალისტებს კომენტარების გაკეთებას დაპირდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარის შემდეგ, ისინი დარბაზში აღარ დაბრუნდნენ. რატომ მიიღეს მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება, არ განუმარტავთ. დარბაზში მინისტრის მოადგილე და სამინისტროების წარმომადგენლები დარჩნენ, თუმცა რიონის ხეობის მცველებმა მათთან შეხვედრის გაგრძელებაზე უარი თქვეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია ქუთაისში 14 მარტს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]