weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხუდონჰესი, აშენებას მოვესწრებით, ნენსკრა, ნამახვანი ენერგოსისტემას წელში გამართავს - თურნავა

00:15 სამშაბათი, 23 მარტი 2021

„აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც წყალს ინახავს. წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება - დნება მყინვარები. მითუფრო უნდა შევინახოთ წყალი. არის რამდენიმე პოტენციური პროექტი - ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას „გეგმაში აქვს გაწერილი, რომელ პერიოდში რომელი სადგური უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში იმისთვის, რომ არ გვქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება სამეზობლოსა და იმპორტზე“.

მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ მუნიციპალური ბიუჯეტებიც. „თვალსაჩინოებისთვის მინდა მოვიყვანო მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითი, სადაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჰესების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილმა ქონების გადასახადმა საერთოდ შეცვალა იქაურობის იერსახე. 500 000 ლარი იყო თავდაპირველად მესტიის ბიუჯეტი და ახლა 10 მილიონი ლარია. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის აშენება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება“, - აღნიშნა თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში. გადაცემას ოთხი წამყვანი ჰყავს - გიორგი აბაშიშვილი, „ჯიპას“ კანცლერი; მიხეილ ჭკუასელი, ჩაი „გურიელის“ გენერალური დირექტორი; ნიკა ნანუაშვილი - ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი; ლევან კალანდაძე - კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილე.

გადაცემაში მინისტრს ჰკითხეს, რამდენი იქნებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხუდონჰესის მშენებლობის შემთხვევაში, რაზეც თურნავამ უპასუხა: „ჩვენ ამას მოვესწრებით და ვნახავთ“.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოში მცირე ჰესების შესაძლებლობებსა და ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტზეც ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს არამხოლოდ მცირე ჰესები. დღეს 50-მდე მცირე ჰესია, დაგეგმილი გვაქვს კიდევ დაახლოებით 256 მგვტ. მცირე ჰესები, მაგრამ ეს მაინც სეზონური სადგურებია. წყალმცირობის პერიოდში, მაგალითად, ზამთარში მათი გამომუშავება 20-10 %-ზე ეცემა. ამიტომ, მათ იმედზე ვერ იქნები, თუმცა კარგია, ნაირფეროვნება არის, მაგრამ არ არის ის წყარო, რომელიც მოსახლეობის საიმედო მომარაგებას უზრუნველყოფს“.

რაც შეეხება პროტესტს ნამახვანჰესის წინააღმდეგ, მინისტრმა ისევ ადგილობრივი მცხოვრებლების არასაკმარის ინფორმირებულობას დაუკავშირა.

„ყველა დიდი ჰიდროპროექტი, არამხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ასოცირებულია ხოლმე გარკვეულ ლოკალურ პროტესტთან, რადგან არის ეკოლოგიური საკითხები, ადგილობრივ მოსახლეობას რა სიკეთე უნდა მოუტანოს... მე ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ნამახვანს აპროტესტებს, აბსოლუტურად გულწრფელია და მიაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ცდებიან და რაში ცდებიან - დღეს უდიდესი პატრიოტული და ეროვნული ამოცანა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე.

ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარი ენერგიის წყარო გამოვიყენოთ, აშენდეს ეს რამდენიმე მსხვილი ჰესი იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სიტყვა ვთქვათ რეგიონში, გავხდეთ ექსპორტიორები, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტიორები და არ ვიყოთ მზარდად დამოკიდებული ჩვენი სამეზობლოს ნება-სურვილზე“, - თურნავას თქმით, ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, თუმცა მის მიმართ მაინც არის უნდობლობა.

„ვაღიარეთ, რომ ნამდვილად სხვა ტიპის კომუნიკაციაა საჭირო, როდესაც ასეთ დიდ პროექტს იწყებ. კი, არის გასამართლებელი არგუმენტები, რომ კოვიდი იყო, მაგრამ ეს არ არის კარგი განმარტება იმიტომ, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,

ადამიანები ვერ იგებენ, არ აქვთ ინფორმაცია, აკლიათ ჩვენგან განმარტება, კომუნიკაცია და ამიტომაც იყო, რომ პრემიერმა დაგვავალა კომუნიკაციის განახლება. ეკოლოგიური კატასტროფები მართლაც არის ისეთი რამ, რაც სამართლიანად აფრთხობს ადამიანებს. მათ ვერ მოსთხოვ სპეციალისტების დონეზე ყველა კვლევის ცოდნას.

ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ კაშხალი და წყალსაცავი, რომლებიც ყველაზე კრიტიკული ნაგებობებია ამ პროექტში, არ აშენდება მანამ, ვიდრე ძირითადი მნიშვნელოვანი კვლევები არ გადამოწმდება არა ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი რესურსით მოწვეული იქნებიან ის სპეციალისტები და ექსპერტები, ვისაც ენდობა ადგილობრივი მოსახლეობა. დაგვისახელონ ის ქართული ინსტიტუტები, ქართველი ექსპერტები, ვინც ამაში ჩაერთვებიან“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრი კიდევ ერთ საკითხს გამოეხმაურა. „ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ არის შეფერხებები არა მარტო მეგაჰესების დროს, არამედ, 5-6 მეგავატიანი სადგურებიც იწვევენ გარკვეულ გაუგებრობას მოსახლეობასთან. ამან დაგვანახა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი ინიციატივა მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო სექტორიდან, რომ უფრო მეტად იყოს ბმა ქონების გადასახადსა და იმ დასახლებებს შორის, რომლებიც პროექტის არეალში შედის. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შიგნით გადანაწილება მოხდეს ისე, რომ მართლაც მეტი აქცენტი გაკეთდეს იმ სოფლებზე, რომლებიც უშუალოდ ახლოს არიან მშენებლობებთან. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, - აღნიშნა თურნავამ.

650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშშია დაგეგმილი. პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. ხუდონჰესი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.

280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე იგეგმება. გასულ წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რის გამოც პროექტი გაჩერებულია.

433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის აშენებას თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აპირებს, რომელმაც სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. მოსახლეობის მძლავრი პროტესტის გამო ეს პროექტიც შეჩერდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]