weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნამახვანჰესის“ დირექტორად მერაბ ლომინაძე დაინიშნა

19:54 სამშაბათი, 30 მარტი 2021
ფოტოზე - მერაბ ლომინაძე ფოტოზე - მერაბ ლომინაძე

„ნამახვანჰესის“ დირექტორად მერაბ ლომინაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებლის შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი იყო.

თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორის დანიშვნა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ, რიონის ხეობის მცველებისთვის, 12 მარტს შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო.

„კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს. ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცდილი ენერგეტიკოსი, რომელიც მეტ ნდობას იწვევს საზოგადოებაში. უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში და მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიადევნებს თვალყურს, რომ დასაქმებული პირების უფლებები და პირობები იყოს დაცული“, - განაცხადა თურნავამ.

მერაბ ლომინაძის განმარტებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომუნიკაციის ნაკლებობა იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა.

„ყველა იმ მხარესთან მოხდება შეთანხმება, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ცხადია, იყო კომუნიკაციის ნაკლებობა საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რამაც გააჩინა არაერთი კითხვა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, კომპანია „ენკამ" და კონსორციუმმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ დამატებითი კვლევები. ამხელა მასშტაბის პროექტი არ შეიძლება, რომ ცვლილებების გარეშე განხორციელდეს, უშეცდომო არავინ არის. ეს არის დასკვნების ექსპერტიზა“,- განაცხადა ლომინაძემ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, საბოლოოდ კი 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა 14 მარტს გამართულ აქციაზე. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებთან შესახვედრად ქუთაისში, გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ჩავიდა, მაგრამ შეხვედრიდან ორივე მინისტრი გაიპარა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის საოპერაციო დირექტორიც მერაბ ლომინაძე იყო, ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანია აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“.

40 დღეზე მეტია ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის ქვეშ გამავალ გვირაბებში კომპანია მადანს მოიპოვებს, აფეთქებებს ახდენს, რის გამოც სოფელში მიწა სკდება და სახლები ინგრევა.

ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციებს ითხოვენ, უსაფრთხო ადგილზე ცხოვრების გასაგრძელებლად. კომპანიის მოთხოვნით, მათ წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რამდენიმე აქტივისტი კი საწარმოსთვის საქმიანობაში ხელისშეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ამ თემაზე „მთის ამბები“ ვრცელ რეპორტაჟს ხვალ გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]