weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ულტიმატუმი, რომ ნამახვანჰესი არ უნდა განხორციელდეს, მიუღებელია – თურნავა

21:29 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ძირითადი კითხვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან ან უსაფრთხოებასთან, მოხსნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის, პროექტის მოწინააღმდეგეებს შეხვდეს და მათთან ერთად იმსჯელოს დარჩენილ კითხვებზე.  

„ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, იგივე საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს, რადგან სხვაგვარად ეს იქნება უბრალოდ ღია კარის მტვრევა იმიტომ, რომ პროცესი უკვე დაწყებულია, მშვიდობიანად, ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში.

რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას და უცხოურ ინვესტიციებს.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ შეხვედრისთვის ნებისმიერ დაინტერსებულ პირთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა, რათა ერთად ვიმსჯელოთ თუ რა კითხვები დარჩათ მათ კიდევ მას შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა და აი, ამ თემაზე ვისაუბრებთ,

მაგრამ თუ მარტო ულტიმატუმი გაისმის, რომ როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია“,
– განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება ფართომასშტაბიანი შეხვედრა, რომელზეც მიიწვევენ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს - „ყველას, ვინც დაინტერესებულია და მიაჩნია, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში ან უბრალოდ გაეცნოს კვლევებს“.

როგორც ნათია თურნავამ თქვა, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ მთავრობის მოთხოვნით, სახელმწიფოს გადასცა საკმაოდ ვრცელი სია და ყველა იმ კვლევის დოკუმენტაცია, რაც მანამდე იყო ჩატარებული. თურნავას განცხადებით, საუბარია „საკმაოდ სოლიდურ“ კვლევებზე.

„დაახლოებით მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები ხუთ თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ითხოვენ, რომ მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვას და ინვესტორმა კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.

ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, „ენკა რინიუებლზმა“ 3 აპრილის საპოლიციო ძალების დახმარებით, სოფელ ნამოხვანში ჰესის სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. იმ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში არ უშვებენ, გუშინ, 11 აპრილს, კი პოლიციამ მათი კარვები დაარბია და ნამოხვანში დარჩენილ აქტივისტებს პროტესტის ადგილის დატოვება მოსთხოვა. მოგვიანებით კარვების ადგილი ინვესტორი კომპანიის ექსკავატორმა ისე გადათხარა, რომ იქ კარვების დადგმა შეუძლებელი გახდა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, პოლიციის ბლოკპოსტთან აქციას მართავენ მოთხოვნით, რომ ნამოხვანში შესვლისა და მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელების უფლება მიეცეთ.  

 

ამ თემაზე:

აქციის მონაწილეები თურნავასთან დიალოგზე უარს ამბობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]