weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამთვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესის მუშაობა განახლდა

14:50 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ჰიდროელექტროსადგური ერთიან ქსელში ჩაერთო. რეაბილიტაცია 15.5-კილომეტრიანი გვირაბის მხოლოდ 2.5 კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა, რის შედეგადაც, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას თქმით, ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 90 მილიონი კილოვატ საათით უნდა გაიზრდოს.

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – აცხადებს თურნავა.

2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი 3 თვით გაჩერდა. რეაბილიტაცია ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად ჩაატარეს და მათი შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოების ხარისხით. გვირაბის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის სახიფათო მონაკვეთები, რომლებიც ადრე იყო გამოკვლეული, შეკეთებულია და არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ მათ რამე მოუვა და სადგური დიდი ხნით მწყობრიდან გამოვა. მეორე მხრივ, გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ გაჟონილი წყლის რაოდენობა შემცირდება და ეს მოგვცემს ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდის შესაძლებლობას“, – ამბობს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

„ენგურჰესის“ ნაწილობრივი რეაბილიტაცია 45 მილიონი ევრო დაჯდა, საიდანაც 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, ხოლო 38 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) აღებული სესხი, რომელიც სახელმწიფომ 13 წლის მანძილზე უნდა გადაიხადოს. ენერგეტიკის ექსპერტების თქმით, ეს თანხა „წყალში გადაყრილი ფულია“, რადგან სრულმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების გარეშე, ჰიდროელექტროსადგური მალე ისეთივე პრობლემების წინაშე დადგება.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური 1961-1978 წლებში აშენდა და „ენგურჰესთან“ ერთად „ვარდნილჰესის“ 4 კასკადს აერთიანებს, რომელთაგან ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს და 120 მეგავატის სიმძლავრისაა. გაჩერებულია დანარჩენი 3, რომელთა საერთო სიმძლავრე ასევე 120 მეგავატს უდრის.

„ენგურჰესის“ კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2006 წელს იყო ჩატარებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]