weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპანიები, სადაც პერსონალის უმრავლესობა აიცრება, კოვიდ-უსაფრთხოდ ჩაითვლება – თურნავა

14:41 სამშაბათი, 04 მაისი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ე.წ. კოვიდ-უსაფრთხო კომპანიებად ჩაითვლება.

ნათელა თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სწორედ ვაქცინაციით დაიწყება ტურისტული ინდუსტრიის ამუშავება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების იმ თანამშრომელთა სიების შექმნა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების სურვილს გამოთქვამენ.

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. საუბარია ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტირიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ-უსაფრთხო. ეს შესაძლოა სწრაფი ვაქცინაციის გზით, რადგან ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას,“ – ამბობს თურნავა.

მისივე თქმით, ტურისტულ, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციებთან, თანამშრომელთა სიების რაც შეიძლება სწრაფად შედგენის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ითანამშრომლებენ.

„მოხდება მათი ორგანიზებული ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება. 

შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდ-უსაფრთხო რესტორნებად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით, მათ გავუწევთ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი, ესა თუ ის სასტუმრო არის უსაფრთხო.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. თითქმის ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებს აცხადებენ და ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კოვიდ-უსაფრთხო მასპინძლობა. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ამ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს გავატარებთ პრაქტიკაში“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

მისივე თქმით, დამატებით შეღავათებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]