weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფერმერებს იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ

15:15 ორშაბათი, 10 მაისი 2021

ფერმერები, რომლებსაც სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები, მის გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. შეღავათი 2000-მდე მოიჯარეს შეეხება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას. 

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, რომლებიც წლების მანძილზე ამუშავებენ სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანაა, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და დაფინანსების მოზიდვა. თუმცა, ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით.

ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით.

მიწას, რომელსაც აფასებს, როგორც წესი, სამხარაულის ბიურო, 100%-იანი ფასიდან იქნება 25%-იანი ფასდაკლება, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის ფართობები, დაყოფილი შედარებით მცირე ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული. ეს ადამიანები წლებია, ამუშავებენ ამ მიწას და ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ამ მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება კერძო ინვესტორებსაც დააინტერესებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებში ინვესტიცია გააკეთონ: „საბოლოო ამოცანაა, რომ არცერთი აქტივი არ იყოს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას“

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დღეისთვის 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]