weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა

11:15 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეესტრში „ქვევრის“ შეტანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების საფუძველზე მოხდა.

სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული სპეციფიკაციების დაცვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

სარეგისტრაციო დოკუმენტის მიხედვით, ქვევრი მზადდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ საქართველოში მოპოვებული ნედლეულით.

„ქვევრი – გამომწვარი თიხისგან დამზადებული ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება როგორც ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილისათვის, ასევე ღვინის შესანახად და დასავარგებლად.

ქვევრს აქვს კვერცხისებრი ფორმა, რომლის შევიწროვებული ნაწილი ქვემოთ არის მოქცეული. ქვევრის პირი უნდა იყოს ბრტყელი, რათა შესაძლებელ იქნეს სარქვლის ჰერმეტულად დაფარება; ქვევრის ძირი უნდა იყოს მახვილი. ქვევრის ძირი მთავრდება შესქელებული ქუსლით, რომელზეც ქვევრი, მიწაში ჩაფლობისას, ეყრდნობა; ქვევრის პირის დიამეტრი კი უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა ადვილად მოხერხდეს ქვევრთან მუშაობა.

ქვევრის მინიმალური ტევადობა არ უნდა იყოს 20 ლიტრზე ნაკლები, ქვევრის ყელის დიამეტრი – 25 სმ-ზე ნაკლები, ხოლო მისი სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 სმ-ს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს.

„ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ეროვნულ საღვინე ჭურჭელს - ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს.

ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]