weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კახეთში წარმოებულ ღვინოებში სპირტის შემცველობა არანაკლებ 10.5% უნდა იყოს – სამინისტრო

17:12 ორშაბათი, 24 მაისი 2021

კახეთში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 10.5%-ით განისაზღვრა. ამ დრომდე, ეს მაჩვენებელი არანაკლებ 9.0%-ს შეადგენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, მთავრობის სხდომაზე „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება მიიღეს. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ღვინის კომპანიაზე ვრცელდება.

„ღვინის სანედლეულო ბაზა უნდა იყოს უფრო ხარისხიანი, ყურძენი უნდა იკრიფებოდეს კონდიციურ მდგომარეობაში, რაც იქნება წახალისებული, განსხვავებით, არაკონდიციური ყურძნისგან, რომელიც არის უხარისხო სანედლეულო ბაზა და, საბოლოოდ, ქართული ღვინის ხარისხზე და იმიჯზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვლმა.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილება არ ეხება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის, ლიქიორული, შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, სადესერტო, არომატიზებული, ქვევრისა და აისვაინის ღვინოებს.

„გვესმის, როგორია კლიმატური პირობები კახეთის რეგიონში, თუ ღვინოში ნაკლებია სპირტშემცველობა, ესე იგი არ არის დამზადებული ხარისხიანი და კონდიციური ყურძნისგან. მევენახეობის სხვა დანარჩენ ზონებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული სხვა ღვინის სპირტშემცველობა რჩება, კვლავინდებურად, არანაკლებ 9.0%“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში, კახეთის მევენახეობის ზონაში მოწეული ყურძნის ბუნებრივმა შაქრიანობის მაჩვენებელმა საკმაოდ მოიმატა, რაც ამავე ზონაში კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული.

„ღვინის სპირტშემცველობა დამოკიდებულია ყურძნის სიმწიფის ხარისხზე, რომელსაც განაპირობებს სწორედ ყურძნის ბუნებრივი შაქრიანობის მაჩვენებელი. სწორედ ამიტომაა მიზანშეწონილი, რომ კახეთის მევენახეობის ზონაში მოწეული ყურძნისაგან ნაწარმოები ღვინისათვის ფაქტობრივი მოცულობით სპირტშემცველობა 9%-დან 10.5 %-მდე გაიზარდოს. მოთხოვნა არ გავრცელდება 2021 წლის 1 აგვისტომდე წარმოებულ ღვინოზე, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული ღვინის რეალიზაცია“, – განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყება აცხადებს, რომ წელს, რთველის დროს, მკაცრად გაკონტროლდება ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, კერძოდ, შაქრიანობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]