weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეცენატი ივანიშვილია, უცხოელ ინვესტორს მეცენატობას ვერ მოთხოვ – თურნავა ნამახვანჰესზე

10:48 ორშაბათი, 31 მაისი 2021

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პროექტს ინვესტორისთვის მოგება მოჰქონდეს. მისი თქმით, საქართველოში მეცენატი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სოციალურ პროექტებს ახორციელებს, ინვესტორს კი იგივე არ მოეთხოვება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, პროექტზე უარის თქმა უგუნურება იქნება.

„ნამახვანი ჰესი არის პიკური მოხმარების სადგური. წიაღსვლებში არ შევალ, რომ მარტივი იყოს: მომავალი წლიდან ენერგობირჟა აგვიმოქმედდება და საათური ბაზარი გვექნება, ანუ ყოველ საათს, ელექტროენერგიას ექნება თავისი ფასი. მოსახლეობა ამას სავსებით ვერ იგრძნობს, მაგრამ საერთო კალათა ასეთი იქნება. ნამახვანი იმუშავებს ისეთ საათებში, ამიტომ სჭირდება 105-მეტრიანი კაშხალი, როდესაც ენერგია იქნება პიკური, ანუ მოთხოვნადი, ძვირი.

დღესდღეობით, ამ პიკურ საათებში რუსული ენერგია ღირს 7-დან 8 ცენტამდე, თურქული ენერგია ღირს 11-დან 13 ცენტამდე, აზერბაიჯანული არის სტაბილური, საშუალოდ 5 ცენტია, მაგრამ ყოველთვის აზერბაიჯანზეც და ერთ მომწოდებელზე ვერ იქნები დამოკიდებული. 

მერე, თუკი არის საშუალება, რომ აქ, ადგილზე დარჩეს ეს უცხოური ვალუტა, დარჩეს ეს გადასახადი, რომელიც უნდა გამოაკლო ამ ტარიფს, რომელიც უკან გიბრუნდება, ამხელა პროექტები და განვითარება ადგილზე, 1600 ადამიანის დასაქმება – უგუნური უნდა იყო, რომ ეს ფული გაუშვა გარეთ, თუნდაც ერთ ცენტში გქონდეს განსხვავება“, – განაცხადა თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

არგუმენტს, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი უცხოელია და მოგებას ქვეყნიდან მაინც გაიტანს, მინისტრმა ასე უპასუხა:

„ნუ, მეცენატი ძალიან დიდი და მსხვილი ჩვენთან, ვიცით, რომ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და აბსოლუტურად სოციალურ პროექტებსა და ინვესტიციებს აკეთებს, მაგრამ უცხოელ ინვესტორს, რომელიც შემოდის აქ, ვერ მოთხოვ, მეცენატობა გამოიჩინოს. 

მოდით, სერიოზულად ვუპასუხოთ ამას. არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, ინვესტორს მოგება სჭირდება თუ არა იმისთვის, რომ ქვეყანა განიხილოს როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ენერგეტიკა არ არის ის დარგი, სადაც არის რაღაც სუპერ მოგებები. საშუალოდ არის სადღაც დაახლოებით 10-დან 15%-მდე უკუგება კაპიტალის. ეს ყოველთვის არის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიცია – როგორც წესი, 10-15 წელიწადზე მეტი. ამიტომაც არის ეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რაც ჩვენ ათობით ჰიდროსადგურზე გვაქვს მიცემული, ეს ნამახვანისთვის არ შექმნილა.

ეს პროექტი დაკავშირებულია ძალიან ბევრ რისკთან და როგორც არ უნდა იყოს ეს რისკები გადაზღვეული, ინვესტორი ყოვეთვის რისკავს. დღესაც რისკავს – გაჩერებულია, ჩვენ არაფერს გვთხოვს და თვითონ კარგავს ახლა ამ თანხას.

მოგების გატანის თავისუფლება, ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური თავისუფლება რატომაც, მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო 200 ქვეყანას შორის მეშვიდეა საინვესტიციო მიმზიდველობით. მოგების გადასახადი არ იბეგრება. ინვესტორი გაიტანს დივიდენდს თუ საქართველოში ჩადებს სხვა განვითარებად პროექტებში, ამას ჩვენ მომავალში ვნახავთ, მაგრამ ის, რომ პროექტი უნდა აგენერირებდეს ინვესტორისთვის მოგებას, ეს მნიშვნელოვანია. ბევრად მეტ მოგებას აგენერირებს ჩვენთვის.

როდესაც ვიღაც ამბობს, რომ 4 ან 5 ცენტი გარეთ გადავიხადოთ და 6 ცენტი აქ არ გადავიხადოთ, ამას კიდევ 4 და 5 ცენტს ზევით პოლიტიკური ფასი აქვს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ თავის დროზე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩაეხსნა რუსეთის ენერგოსისტემას. ამით გააძვირა საკუთარი ელექტოენერგია.

ჩვენ რა თქმა უნდა, არ მივდივართ ამ მიმართულებით და პირიქით ენერგომომწოდებლების დივერსიფიკაციას ვაკეთებთ. ჩვენ არ გვიდგას ასე საკითხი, ქვეყნებთან ვაჭრობასაც ვაძლიერებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყოველთვის უნდა გვქონდეს არჩევანი. 10-15%-ზე მეტად იმპორტზე დამოკიდებულება ჩვენთვის არის ძალიან ცუდი და 50% კრიტიკულია. პრაქტიკულად დაგავჩოქებს სხვა ენერგომომწოდებელი ქვეყანა“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. პროექტის ოპონენტების შეფასებით, ხელშეკრულება ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს ვერ უზრუნველყოფს. სახელმწიფო ვალდებული იქნება, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. ამასთან, ხელშეკრულებით, 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს.

 

ამ თემაზე:

რა ვალდებულებები აიღო მთავრობამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]