weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინვესტორი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისულ გადაწყვეტილებას – თურნავა

14:45 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ დაადასტურა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის – „ენკას“ დირექტორი საქართველოში იმყოფებოდა. როგორც თურნავამ განაცხადა, მთავრობას პერმანენტული კონტაქტი აქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან.

„აქაც იყო ჩამოსული, მერეც ვეკონტაქტებით. მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, შეხვედრის და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, მათ შორის, არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უახსლოეს დღეებში დაიწყება. აქედან გამომდინარე,

ინვესტორი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისებზე - მაგალითად, კაშხლის მშენებლობის სრული გადაწევა, დამატებით ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა დამატებითი კვლევის, დასკვნის გახნსა, რაც, როგორც წესი, არ არის ხოლმე მოთხოვნილი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ, რადგან ასეთი მაღალი ინტერესია, ესეც არის გახსნილი.

დაახლოებით ერთი თვის-თვენახევრის წინ ჩავატარეთ ექსპერტებთან შეხვედრა, 15-მდე ორგანიზაციამ გაითხოვა ეს კვლევა და ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება რაიმე ისეთი დასკვნა, რომელზეც ჩვენ უკვე ინვესტროს მოვთხოვთ გადახედოს, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს. საკმაოდ კარგი პროცესი მიდის“, – განაცხადა ნათელა თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე, რითიც ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, თურნავას არ უპასუხია, განიხილეს თუ არა ეს საკითხი პირველ ივნისს, როდესაც ის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ანკარაში იმყოფებოდა.

ნამოხვანის ჰესების კასკადს შპს „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, რომლის 90%-იან წილს თურქული კომპანია Enka Insaat ve Sanayi A.S ფლობს.

ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელშეკრულება კაბალურ პირობებს შეიცავს, დადებულია სახელმწიფო ინტერესების დათმობით და ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი ორი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა, თუმცა უწყება საკუთარ დასკვნას ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. დოკუმენტი გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), რომელიც სამინისტროსგან დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს, აცხადებს, რომ „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობამ არ გაითვალისწინა.

აღნიშნულ დასკვნას ხელს მიხეილ სარჯველაძე აწერს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც ის განმარტავს, სამინისტროს შენიშვნები მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და მათი ნაწილი ხელშეკრულებაში აისახა. ამასთან, ის ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნებს შორის არც ერთი იყო ისეთი, რომელიც „ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობას 7 თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ რიონის ხეობაში. პოლიციამ აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები აიღო, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს. 26 მაისს საპროტესტო მოძრაობის წევრებმა კომპანიის ავტომობილებისა და თანამშრომლებისთვის გზები გადაკეტეს და ასე ცდილობენ ნამოხვანში მიმდინარე მშენებლობა შეაფერხონ. სასამართლომ დაადასტურა, რომ ხეობაში სამშენებლო სამუშაოები კანონის დარღვევით მიმდინარეობდა და კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაც ცნო, თუმცა მშენებლობა არ შეწყვეტილა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აპირებს პროტესტი გააგრძელოს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – უარი ითქვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

აქციების დაწყებამდე, რიონის ხეობის მცხოვრებლებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]