„რამდენადაც ვიცი, უკვე ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკების, მედიაციის მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი. სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ რიონის ხეობის მცველები იქნებიან ჩართულები.
ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი, იმიტომ, რომ პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია ხდებოდეს მოლაპარაკების და მედიაციის მაგიდასთან, მით უფრო, როდესაც ამას უძღვება რეპუტაბელური ევროპელი მედიატორი, ვიდრე ქუჩაში“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.
მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე, ამავე გაერთიანების გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება. ის იქნება შუამავალი მხარეებს შორის, პროექტთან დაკავშირებით აქამდე მიღებულ ყველა დოკუმენტსა და გატარებულ პროცედურას განიხილავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებაში.
„ჩემი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა წუხილი მაგიდასთან იყოს მოტანილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურებით მომზადებულ დოკუმენტაციას“, – აცხადებდა დირკ ბუშლე.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს იგივე პირობები აქვთ, რასაც ისინი აყენებდნენ ორი თვის წინ, მთავრობასთან დიალოგის დაწყების წინაპირობად. კერძოდ, გოლეთიანის ინფორმაციით, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები ითხოვენ რიონის ხეობა პოლიციამ დატოვოს და ყველა მიმდინარე სამუშაო შეწყდეს.
„შაბათს შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებთ, მოვისმენთ, რა ითქმება იქ, შესრულდება თუ არა ეს პირობები. ბუნებრივია, თუ რიონის ხეობიდან გავა პოლიცია და შეწყდება სამუშაოები, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ დიალოგის გზით დავამტკიცოთ რატომ არის სისტემური პრობლემების სახე ნამოხვანის ჰესების კასკადი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის აშენებას ინვესტორი კომპანია შპს „ენკა რინიუებლზი“ მდინარე რიონზე გეგმავს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები შვიდ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში ეწინააღმდეგებიან პროექტის განხორციელებას. პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ 2019 წლის 21 ნოემბერს ინვესტორ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადასცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.
ასევე მიმდინარე წელს გასაჯაროვდა ნამახვანჰესის მშენებლობაზე მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ 2019 წლის 25 აპრილს დადებული ხელშეკრულება, რომელიც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.