weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

ნამახვანჰესის მთელი ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია – თურნავა

23:27 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა რიონის ხეობის მცველებთან საერთო ენას გამონახავს.

„ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ნამახვანჰესის მთელი ისტორია, დრამა არის ცოტათი გაზვიადებული, რადგან პრაქტიკულად დღევანდელი ვითარება მოიტანა 21 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა, რაც პარადოქსულია. ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, არ ჩავალ ანალიზში - გარედან თავსმოხვეული, შინაგანი მიზეზები, თუმცა,

იმედიანად ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ამ საპროტესტო მოძრაობასთან, რიონის ხეობის მცველებთან ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, მოიძებნება კომპრომისი.

დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა პატრიოტი, გულწრფელი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი კიდევ სხვა რამესაც გულისხმობს“, – განაცხადა თურნავამ TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, პატრიოტიზმი აუცილებლად გულისხმობს თუნდაც დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას იმისთვის, რომ მომავალში საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს. თურნავამ ამ კონტექსტში ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება მოიყვანა.

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად შეჩერდა.

იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე - წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს და არ ავაშენოთ“ - რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც, მაგრამ დღეს გეტყვით სული პასუხისმგებლობით, რომ ხუდონჰესი რომ გვქონოდა, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით აფხაზეთთან ურთიერთობაში, რუსეთთან ურთიერთობაში გაცილებით უფრო წელგამართულები.

დროთა განმავლობაში ამ მიდგომების გადაფასება ხდება და ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაღაც გადაწყვეტილება დღეს პოპულარული, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა, გავაკეთოთ ის და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება ქვეყანას. მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, სურვილი ასეთია, ამიტომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რიონის ხეობაში გიგანტური ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები 237-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბები ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალეს, იქიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ.

საპროტესტო მოძრაობის წევრები ითხოვენ უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის ასაშენებლად მთავრობამ ხელშეკრულება შპს „ენკა რინიუებლზთან“ 2019 წლის 25 აპრილს გააფორმა, ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუებლზს“ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე. ხეობის დიდი ნაწილი კომპანიას იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]