weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვმუშაობთ, რომ ხუდონჰესის კონტრაქტი მოიშალოს და აქტივები დავიბრუნოთ – თურნავა

13:59 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა კონსულტანტებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ხუდონჰესის მშენებლობაზე ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ 2011 წელს დადებული ხელშეკრულება მოიშალოს და კომპანიისთვის გადაცემული აქტივები სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

ნათელა თურნავამ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების მოშლაზე კონსულტაციის მისაღებად უცხოურ იურიდიულ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმება წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.

„ძალიან მარტივი რამ ხდება, არაფერი განსაკუთრებული. 2011 წელს იყო დადებული შეთანხმება ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ ხუდონჰესის განვითარების შესახებ. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. რა თქმა უნდა, აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი მაინცდამაინც მხოლოდ კომპანიის მხარეს. აქ არის სხვადასხვა მიზეზების ნაკრები, მათ შორის, პროექტის სირთულე.

აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ, შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ თანდათან მოვშალოთ ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული.

რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ალბათ ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, მათ შორის, აქ მოსახლეობის თემაა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ. ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს პროექტის და იმ აქტივების, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის, სახელმწიფოსთვის დაბრუნება“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინვესტორსაც აღარ აქვს ინტერესი, რადგან ათი წლის განმავლობაში პროექტი ვერ განახორციელა. ნათელა თურნავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პროექტი და აქტივები სახელმწიფოს დაუბრუნდება, შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, თუ როგორ აშენდეს ხუდონჰესი.

„აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე, ჩვენ, ამ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ახლა უბრალოდ წლის ბოლომდე ვახანგრძლივებთ საკონსულტაციო შეთანხმებას, ვიზრუნოთ იმაზე აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს. შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ ძალიან დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება.

ბოლო დროის მოვლენებმა და განვითარებამ ჩვენ დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგა-პროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც. ამაზე ვიმსჯელებთ.

ჯერჯერობით ნააადრევია ამაზე მსჯელობა. ახლა რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ კომპანიასთან, ვინც 10 წლის განმავლობაში ვერ დაძრა ეს პროექტი, გვინდა მოვშალოთ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით და დავიბრუნოთ აქტივები. შემდეგ გვექნება საშუალება ძალიან გამჭვირვალედ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინდური კომპანია 650 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის ხეობაში აპირებდა. ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრი, წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი კი – 528 ჰექტარი უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის პროტესტის გამო ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერდა. 2019 წელს ხაიშის თემის სოფლების მცხოვრებლებმა მიმართვა გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, სამუდამოდ შეწყდეს ხუდონჰესის პროექტი და ხაიშელებს დაუბრუნდეს კერძო და სათემო მიწები, რომელიც 2011 წელს მთავრობამ ჰესის მშენებელ კომპანიას 1 დოლარად გადასცა.

 

ამ თემაზე:

„ხატზე დავიფიცეთ, არცერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ“ - ხაიშის თემი „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]