weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს, 1 კგ რქაწითელის ფასი 90 თეთრი იქნება – პრემიერი

11:35 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებას მოახდენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ერთი კილოგრამი რქაწითელი 90 თეთრი ეღირება, საიდანაც ღვინის კომპანიებს, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ, სახელმწიფო 35 თეთრს გადაუხდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ შესაძლოა კომპანიებს ყურძნის მოსავლის დანინავება-რეალიზაცია გაუჭირდეთ.

„წელს ქვეყანაში ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას. ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს, რადგან ჭარბი მოსავალია, წინა წლებშიც ჰქონდათ. ამიტომ შეიძლება გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით და პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება, რომელიც არის შემდეგი: ერთი კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი. აქედან, კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ 35 თეთრს, ანუ მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს. ჯამში, 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო რვა წელიწადში დაახლოებით 6400 ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ხოლო ღვინის კომპანიების, მათ შორის, მარნების, მსხვილი და საშუალო საწარმოების, რაოდენობა 350-მდე გაიზარდა.

„შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ კახეთის რეგიონისთვის მეღვინეობიდან შემოსავალი 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი ლარი შევიდა კახეთის რეგიონში მხოლოდ ყურძნიდან. 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს - 283 ათასი ტონა“, – თქვა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახორციელებს. 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების (კომპანიების სუბსიდირების), ასევე რთველის ორგანიზებულად ჩატარების და ღვინის კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, 104.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 310.0 მლნ ლარს მიაღწია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]