weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

მივიღებთ ევროპულ ტყიბულს, 2023 წელს 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება – მინისტრი

17:26 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021 hits 371

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას, მოსახლეობას ტყიბულის აღორძინებას დაჰპირდა. მისი თქმით, ტყიბული იმაზე ლამაზი უნდა გახდეს, რაც მას 1990 წელს ახსოვს.

„ეს დაწყებულია. ჩვენ შარშან დავიწყეთ და წელს დავამთავრეთ გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. ისტორიული იყო, სავალალო მდგომარეობაში და დღეს ეს სახეზეა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი დიდი მხარდაჭერით დავიწყეთ განახლებული რეგიონების პროგრამა. ტყიბულს გამორჩეული ადგილი უჭირავს, უზარმაზარი არეალია გამსახურდიას ქუჩის სახით, რომელიც მთლიანად იქნება განახლებული და უკვე ევროპულ ტყიბულს მივიღებთ. ევროპულ ტყიბულს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსეც“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს პროექტი და 2023 წელს ტყიბულს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

„გზა, გაზი, წყალი და აი, ახლა უკვე საჭიროა კერძო სექტორის უფრო მეტი აქტიურობა, რათა ის სასტუმროც და კიდევ ბევრი სხვა სასტუმროც აღდგეს, რომელიც ქალაქის ცენტრშია, რათა „პიონერთა სასახლის“ ტერიტორიამ შესაბამისი დანიშნულება მიიღოს. დიახ, ის თეატრიც უნდა აღდგეს. ეს არის ის, რაც უკვე დაწყებულია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ტყიბული არ არის და ორპირი-სოჩხეთის მიმართულებით 15-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაკეთებულია, 6 ხიდზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და გაისად უნდა დასრულდეს. ამის გარდა, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი დაიწყება და შესაბამისად, 18-თვიანი პერიოდია და დასრულდება. მეგობრებო, იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი არის დაწყებული.

ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ეს არ არის იმისთვის, რომ თქვენი გული მოვიგოთ. არ ვართ ეს ხალხი. აქ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც გეგმაზომიერად, დიახ, სწორედ 10 წლის პერსპექტივაში ვლაპარაკობთ. ეს არის არა მხოლოდ დაწერილი, არამედ გააზრებული და სამოქმედო გეგმად ქცეულია.

დიახ, სწორედ ამ მოცემულობით არის, რომ საქართველოს ყველა ქალაქს 2025 წლის ბოლოსთვის 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება და ეს აღარ იქნება ფუფუნება 21-ე საუკუნეში და იგივე გაგრძელდება 2030 წლამდე, როდესაც საქართველოს ყველა სოფელს ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ტყიბულში, სადაც, რეალურად, ერთადერთი ეკონომიკური აქტივობა ქვანახშირის მოპოვებაა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. ქვანახშირის მოპოვებაზე დაახლოებით 1300 ადამიანია დასაქმებული. მეშახტეები არაერთხელ გაიფიცნენ ხელფასების მომატებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნით. ბოლო გაფიცვები მიმდინარე წლის ივლისსა და თებერვალში იყო. Human Rights Watch-ისთვის შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2016-2018 წლებში, „საქნახშირის“ შახტებში 14 მუშა დაიღუპა. შრომის ინსპექციის განმარტებით, ეს მონაცემები იმ შახტებსა და მაღაროებში ჩატარებული აუდიტის ანგარიშებს ეფუძნება, რომლებიც მან შეამოწმა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ „საქნახშირის“ 19 მეშახტე დაიღუპა უბედური შემთხვევების შედეგად, მათ შორის ერთი 2019 წლის 1-ელ კვარტალში.

ტყიბულის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, მუნიციპალიტეტს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი დაუბრუნდეს, რომელიც 2016 წელს შეუწყდა და რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს გარკვეულ შეღავათს აძლევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]