weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის კონტრაქტის მოშლას გეგმავს

18:15 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ კომპანია „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ.

„კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ.

„მეტიც, ამისთვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში „ენკასთან“ კომუნიკაციას გააგრძელებენ.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]