weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ენკას“ ხელშეკრულებაში კაბალური პირობები იყო იმის გამო, რომ სანდო ქვეყანა არ ვართ – ჯაფარიძე

10:34 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, კომპანია ენკას მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველოსთვის კატასტროფაა.

„კატასტროფაა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის უბრალოდ 800 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ დაკარგა. ეს არის ამ ქვეყნის შერყეული იმიჯი. შერყეულ იმიჯში იგულისხმება ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას თუ ჰქონდა გადამგდების იმიჯი დასავლეთთან ურთიერთობის ამბავში, ახლა, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს, ამ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს. ჩვენ თუ გარედან ფული არ შემოვიტანეთ, ვერ განვვითარდებით. საკუთარი ფული არ გვაქვს, ღარიბები ვართ, დანაზოგებს ვერ ვაკეთებთ. გარედან უნდა შემოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ფული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვვითარდეთ, ან დავრჩებით ჭაობში“, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ინვესტორი საქართველოში ფულის ჩადებას გადაწყვეტს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შესაძლოა კიდევ უფრო კაბალური იყოს, ვიდრე „ენკასთან“.

„მთავარი კრიტიკის საგანი რაც იყო - „ენკას“ ხელშეკრულება, რომ იქ იყო კაბალური პირობები ჩადებულიო. იქ იყო ის პირობები ჩადებული სწორდ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ სანდო ქვეყანა და ამის გამო, ყველა რისკი დააზღვია „ენკამ“. არ მოსწონდათ ეს ხელშეკრულება. ყველა შემდგომი ხელშეკრულება, თუ ვინმემ ოდესმე გაბედა ამ ქვეყანასთან, კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება, კიდევ უფრო კაბალურ რაღაცებზე მოგვიწევს წასვლა, იმიტომ, რომ სხვანაირად არავინ შემოვა.

ჩვენ ჯარიმის გადახდა ცალკე მოგვიწევს, რამდენიმე ასეული მილიონის გადახდა მოგვიწევს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ ამ ქვეყნისადმი ნდობა დაბრუნდეს და მათ შორის, ინვესტორებს გაუჩნდეთ სურვილი რომ აქ ვიღაცამ ფული ჩადოს. ამ ხელსუფლების პირობებში ნდობა შანსი არ არის, აღარ გაჩნდება - ყველა და ყველაფერი გადააგდეს“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ამ ერთი თვის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან კომუნიკაციას გააგრძელებენ, „რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

 

ამ თემაზე:

რა ვალდებულებები აიღო მთავრობამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]