weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე – ჭყონია

11:13 შაბათი, 25 სექტემბერი 2021 hits 458

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.

ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ქვეყნის და ბუნების მომავალი.

„დღეს საუბრობენ, რომ ეს პროექტი არ არის დახურული, ჩვენ დავუბრუნდებით. გამორიცხულია. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, გააჩნია, როგორ მოილაპარაკებენ, მაგრამ ახლა მოლაპარაკებას ვიწყებთ არა ნოლიდან, არამედ მინუსიდან“, – განაცხადა ბიზნესმენმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე თურქულმა კომპანიამ Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ენკასგან“ მიიღეს წინასწარი შეტყობინება ნამახვანჰესის პროექტიდან ერთი თვის შემდეგ მისი შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ამ ერთი თვის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან კომუნიკაციას გააგრძელებენ, „რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის 56 მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორებოდა. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლი უნდა აშენებულიყო სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რაც 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას დატბორავდა. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე გათვალისწინებული იყო 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადასცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, კომპანიას აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე. მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა.

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, თითქმის ერთი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, მედიაცია მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ ამ ფორმატს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გამოეთიშა.

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ნებართვები სასამართლოშია გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]