weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იყალთოში ქვევრის ღვინის მე-4 სიმპოზიუმი გაიხსნა

16:01 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში გაიხსნა. ღონისძიება ორდღიანია და ის ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით იმართება.

„ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2011 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი იმათაა გამორჩეული, რომ მის ფარგლებში პირველად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე გააჩენს სამომავლოდ საფუძველს, რომ ქვევრის სიმპოზიუმი  ჩატარდეს ევროპის მეღვინეობის ტრადიციის მქონე რომელიმე ქვეყანაში და დიდ საერთაშორისო კონკურსებზე გაჩნდეს „ქვევრის ღვინის კატეგორია“ - სწორედ ამით არის წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა მიტრიპოლიტმა აბბა ალავერდელმა.

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის თქმით, სიმპოზიუმის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ტარდება გამოფენა სახელწოდებით „საქართველო ღვინის აკვანი“.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, რომ საფრანგეთში ოთხი თვის მანძილზე გაიმართება გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი. ამაში დიდი წვლილი სწორედ გასულ წლებში ჩატარებულმა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმმა შეიტანა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში უკვე დგას ქართული ქვევრი, სადაც მითითებულია რომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია - ეს ქვევრი ცენტრში იქნება მუდმივად და ყველა დამთვალიერებელი, პირველად რასაც დაინახავს - ეს იქნება ქართული ქვევრი, რაც ძალიან დიდი მიღწევა და აღიარებაა“ - აღნიშნა თინა კეზელმა.

სიმპოზიუმის პირველი დღე 4 სამეცნიერო სესიას დაეთმო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: ქვევრის ღვინო და საქართველოს განახლებული კანონმდებლობა. 3 სექტემბერს სიმპოზიუმის ფარგლებში 5 სამეცნიერო სესია გაიმართება, ხოლო დასკვნით ნაწილში მოხდება ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება.

 სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის ჟიური წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით, მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.

ქვევრის ღვინის  მე-4  საერთაშორისო  სიმპოზიუმში  მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის   (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]