weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანდემიით დაზარალებული ჭეხანების ოჯახი თეთნულდიდან

15:06 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

თეო გიგლემიანი მაშინ 23 წლის იყო, სამ პატარა ბავშვთან ერთად, მან და მისმა მეუღლემ, 33 წლის მერაბ ჭეხანმა საცხოვრებლად თეთნულდში გადასვლა რომ გადაწყვიტეს. სახლი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მამაპაპისეულ მიწაზე ააშენეს. მესაქონლეობის განვითარება ჰქონდათ გადაწყვეტილი. მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე იმ დროისთვის არავინ ცხოვრობდა, არც სამთო-სათხილამურო კურორტი იყო. სვანეთი ტურისტებითაც არ იყო განებივრებული. ზოგჯერ, გაუკვალავ თოვლში სრიალის მსურველები თუ გამოჩნდებოდნენ კანტიკუნტად.

ახალგაზრდა ოჯახი ვერც იმან შეაფერხა, რომ თეთნულდიდან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელი - მულახი, სადაც სკოლაა და ბავშვები სწავლას შეძლებდნენ, სულ მცირე 9 კილომეტრშია. სამანქანო გზაც გაუმართავი იყო. ზურაბი, აკაკი და ნიკოლოზი რამდენიმე წლის იყვნენ, მშობლებმა თხილამურზე დგომა რომ ასწავლეს. დიდთოვლობის დროს ძმები სახლიდან სკოლაში თხილამურით ეშვებოდნენ, უკან კი თოვლში გაჭრილი ვიწრო ბილიკით ბრუნდებოდნენ.

2014 წელს თეთნულდის მიმდებარედ სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო. თეთნულდის სათხილამურო ტრასა 2016 წელს გაიხსნა. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იყო. ტურისტების ყურადღებაც მალევე მიიქცია.

თეომ და მერაბმა ბანკიდან სესხი აიღეს და სასტუმრო სახლი ააშენეს. ერთი ადამიანის განთავსება საუზმით 60 ლარი ღირდა. სასტუმრო სრულად დატვირთული იყო.

„ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა. ტურისტი ბევრი იყო, კმაყოფილები იყვნენ. ტრადიციულად, სვანურად გავყევით მასპინძლობას. გაფართოების მიზნით კიდევ გამოვიტანეთ ბანკიდან სესხი. მეორე სახლიც ავაშენეთ. 16 სტუმრის მიღება შეგვეძლო. სვანური სამზარეულო გავაკეთეთ. თხილამურებს ვაქირავებდით, ცხენებიც გვყავს. როცა ბევრი ცხენი უნდოდათ, მულახიდან ამოჰყავდათ მეზობლებს და მათაც შემოსავალი ჰქონდათ. ბავშვებისთვის კარგი განათლების მიცემაც შეგვეძლო, პედაგოგები ავუყვანეთ, მაგრამ ახლა ისე ვარ გაჩერებული, ვეღარაფერს ვაკეთებთ. ისეთ ადგილას ამოვედი საცხოვრებლად, ვერც უკან ვიხევ“, - თეოს და მერაბის ბიზნესს კორონავირუსის პანდემიამ სხვაზე მეტად დაარტყა, 2 წელია სამთო-სათხილამურო კურორტები ფაქტობრივად გაჩერებულია.

„რაც ეს უბედურება დაგვატყდა, ძალიან იმოქმედა ჩვენზე.

სახლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დავდექით. დაპირებებით, რომ აი, კოვიდი გადაივლის და კურორტები გაიხსნება, ტურისტი შემოვა, რამდენჯერმე მომიწია ბანკიდან აღებული სესხების გადავადება. ახლა ორმაგის შეტანა მიწევს. პროცენტიც გაიზარდა, არც ძირს აკლდება არაფერი.

კურორტ „თეთნულდის“ თითქმის ყველა, 150 თანამშრომელს სესხი აქვს გამოტანილი. პანდემიამ ყველა გაგვაშეშა. შარშან ერთი თვეც ვერ იმუშავა კურორტმა, ისევ დაკეტეს. ზამთრამდე მაქვს გადავადებული. 6 ათასი ლარის გადახდა მომიწევს ყოველთვიურად. საიდან და როგორ უნდა გადავიხადო? არადა, ჩვეულებრივად შეიძლება „თეთნულდმა“ ზამთარ-ზაფხულ იმუშაოს. ყველანაირად შეიძლება დისტანციის დაცვა, ერთი დაჯდება გონდოლაზე. სრიალის დროს, ისედაც სამი და ოთხი მეტრი მაინც არის დაშორება.

ვთხოვ ყველას, ვინც მომისმენს, არ გააჩერონ კურორტები, მოიზიდონ ხალხი, დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც სუნთქვა უნდა, ვისაც სესხები აქვს გამოტანილი, ვინც ამაზე ვიყავით დამოკიდებული და დღეს გავჩერდით. თუ ამ პანდემიის გამაჩერებელი მარტო ეს ვაქცინაა, ყველამ უნდა გაიკეთოს, როგორმე ძველ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ“.

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 680 182 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 622 181 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 9 617 პირი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 53 700 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4411 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2896 ინფიცირებული, ხოლო 29 გარდაიცავალა. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი ვირუსის გავრცელების მონაცემებით, თბილისის, იმერეთისა და კახეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]