ძმებმა, გიორგი და ნარიმან ჯაფარიძეებმა მესტიაში, საკუთარ ეზოში პირველი ეკო ქოხის მშენებლობა 2018 წელს დაიწყეს. ტყესავით ეზო აქვთ, მაგრამ ხეები არ მოჭრეს, ქოხი ისე ააგეს. მშენებლობა არცერთმა არ იცოდა. იუთუბსა და სხვა სოციალურ ქსელებში ვიდეოებს უყურებდნენ და ასე ისწავლეს.
პირველი სტუმარი 2019 წლის მაისში მიიღეს. როცა ნახეს, რომ ეკოქოხებში დასვენების ბევრი მსურველი იყო, მეორე კოტეჯის მშენებლობა წამოიწყეს. იმ პერიოდში საქართველოს დიდი რაოდენობით ტურისტები სტუმრობდნენ. სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო. 2019 წლის პირველ სამ კვარტალში მესტიასა და უშგულში საერთაშორისო ტურისტების 118,760 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ჯამურ რაოდენობას თითქმის 30 ათასით აღემატება.
რა ჯობია ხის კომფორტულ ქოხში ცხოვრებას, რომელიც მესტიის ისტორიულ ნაწილს, კოშკებსა და მაჩუბებს გადაჰყურებს. მეორე ეკო ქოხის მშენებლობის დასრულებას 2020 წლის მაისში აპირებდნენ, მაგრამ გაზაფხულზე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობამ შეზღუდვები დააწესა, საზღვრები ჩაიკეტა, გადაადგილება აიკრძალა - სვანეთი ტურისტების გარეშე დარჩა.
პანდემიამდე ქოხების მშენებლობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ძირითადად, შაბათ-კვირას აშენებდნენ, რადგან ორივე ძმა დასაქმებული იყო. გიორგი მესტიის აეროპორტის მაშველია, ნარიმანიც მაშველად მუშაობდა სამთო-სათხილამურო კურორტზე. პანდემიამ აეროპორტის მუშაობაც შეაფერხა და სამთო-სათხილამურო კურორტებიც დაიხურა.
ბანკიდან აღებული სესხის გადახდა გაუჭირდათ, მაგრამ დაწყებული საქმე მაინც არ შეწყვიტეს. გასული წლის ზაფხულში მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა, შიდა ტურიზმი გაიხსნა. „ამ პერიოდში მესტიაში ქართველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ჩვენი ეკო ქოხებიც დაიტვირთა, მაგრამ აგვისტოში მესტია მთლიანად ჩაკეტეს იმიტომ, რომ 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა“, - ნარიმანის თქმით, მესტიის იზოლაციამდე ეკო ქოხებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ძმებმა მესამე ქოხის აშენებაც გადაწყვიტეს․
იმხელა და ისეთი ეზო აქვთ, ქოხები გაფანტულია, ოთხს კი არა, მეტსაც დაიტევს.
მესტია 11 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ტურისტული ბიზნესი კიდევ უფრო დაზარალდა, მაგრამ გახსნის შემდეგ მაინც იყო და არის მოთხოვნა უსაფრთხო სივრცეებზე - ეკო ქოხები კი კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც იძლევა ამის შესაძლებლობას - მწვანე გარემო და ბევრი ჟანგბადი, სისუფთავე, ინდივიდუალური საძინებლები, სამზარეულო, დაცული დისტანცია.
ბიჭები ახლა მეოთხე ეკო ქოხს აშენებენ. სამუშაო იარაღად მხოლოდ ბენზოხერხი და ჩაქუჩი აქვთ.
ხელსაწყოების შეძენა უნდოდათ - გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გრანტი ვერ მოიგეს.
ნარიმანი ამბობს, რომ კარგი იქნება სააგენტო ისეთ ახალგაზრდებს მაინც თუ დაეხმარება, ვისაც ჯერ არაფერი აქვს და რამის შექმნა სურს.
ძმებს იმდენი გამოცდილება დაუგროვდათ, მზად არიან სხვებსაც გაუზიარონ.